მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე ზირაქისა*
თავი 10

1ბრძენი მსაჯული თავის ხალხს აღზრდის და გონიერის მმართველობა განმტკიცდება.

2როგორიცაა მსაჯული ხალხისა, ისეთნივე არიან მისი მსახურნი; როგორიცაა ქალაქის მეუფე, ისეთნივე არიან მისი მცხოვრებნი.

3უწვრთნელი მეფე თავის ხალხს დაღუპავს, განმგებელთა სიბრძნით კი ქალაქი აშენდება.

4უფლის ხელშია ქვეყნის მეუფება და საჭირო კაცს დროულად აღაზევებს მასზე.

5უფლის ხელშია კაცის გზაკეთილობა და თავის დიდებას აღბეჭდავს მწიგნობრის სახეზე.

6ყოველ უსამართლობაზე ნუ განურისხდები მოყვასს და საქმით ნუ შეურაცხყოფ ნურავის.

7უფლისთვისაც და ადამიანებისთვისაც საძულველია ამპარტავნობა, უსამართლობა კი დანაშაულია ორივეს წინაშე.

8მეუფება ხალხიდან ხალხზე გადადის უსამართლობათა, თავხედობათა და ანგარებათა გამო.

9რად ქედმაღლობს მტვერი და ფერფლი? ხომ სიცოცხლეშივე იხრწნება მისი შიგნეული.

10ხანგრძლივი ავადობა მკურნალს საგონებელში აგდებს; დღეს მეფეა, ხვალ კი აღესრულება.

11როცა ადამიანი კვდება, ქვეწარმავალთა, მხეცთა და მატლთა კერძად იქცევა.

12ადამიანის ამპარტავნობის დასაბამი უფლისაგან განშორებაა და მისი გულის განდგომა დამბადებლისგან.

13რადგან დასაბამი ამპარტავნობისა ცოდვაა და ვისაც იგი აქვს, სისაძაგლეს ამოანთხევს. ამის გამო უფალი მრავალ განსაცდელს უმზადებს და საბოლოოდ კიდეც დაღუპავს მას.

14უფალმა დაამხო ტახტნი მრავალთა და მათ ნაცვლად თვინიერნი დასვა.

15უფალმა ძირფესვიანად ამოძირკვა ხალხები და მათ სანაცვლოდ მორჩილნი დააფუძნა.

16ხალხთა ქვეყნები დაამხო უფალმა და დედამიწის საფუძვლებამდე შემუსრა ისინი.

17ზოგიერთნი გაახმო და წარწყმიდა, ქვეყნიდან წარხოცა მათი სახსენებელი.

18ადამიანთათვის არ შექმნილა ამპარტავნობა და არც გულისწყრომა ქალთა ნაშობთათვის.

19პატიოსანი მოდგმა რომელია? მოდგმა კაცისა. პატიოსანი მოდგმა რომელია? მოშიშნი უფლისა. უპატიოსნო მოდგმა რომელია? მოდგმა კაცისა. უპატიოსნო მოდგმა რომელია? დამრღვევნი მცნებათა.

20ძმათა შორის უფროსი პატივდებულია; ასევე მოშიშნი უფლისა მის თვალში.

21სიამაყე მდიდრისა, დიდებულისა თუ ღარიბისა უფლის შიშია.

22უსამართლობაა შეურაცხყოფა გონიერი გლახაკისა და უჯეროა ხოტბის შესხმა ცოდვილი კაცისათვის.

23დიდებულიც, მსაჯულიცა და განმგებელიც პატივდებულია, მაგრამ არც ერთი მათგანი არაა უმეტესი უფლის მოშიშზე.

24ბრძენ მსახურს თავისუფალნი მოემსახურებიან და გონიერი კაცი არ დაიჩივლებს.

25სიბრძნეს ნუ იკვეხნი საქმის კეთებისას და თავს ნუ განიდიდებ გასაჭირში.

26მშრომელი, რომელსაც ყოველივე უხვად აქვს, სჯობია მოსეირნე მკვეხარას, ვისაც პურიც კი უჭირს.

27შვილო, სიმდაბლით განადიდე შენი თავი და ღირსებისამებრ მიაგე პატივი.

28შემცოდეს საკუთარი სულის წინაშე ვინ გაამართლებს? ვინ განადიდებს თავისი სიცოცხლის შეურაცხმყოფელს?

29გლახაკს პატივს სცემენ ცოდნის გამო, მდიდარს კი მისი სიმდიდრისთვის ადიდებენ.

30სიგლახაკეში პატივდებული რამდენად უფრო განდიდდება სიმდიდრეში? სიმდიდრეში უპატიო კი რამდენად უფრო უპატიო იქნება სიგლახაკეში?


წინა თავი შემდეგი თავი