მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი მესამი ეზრასი*
თავი 14

1ხოლო მესამე დღეს, როცა მუხის ქვეშ ვიჯექი,

2აჰა, მომესმა ხმა მაყვლის ბუჩქიდან, მითხრა: ეზრა, ეზრა! ვთქვი: აჰა, მე ვარ, უფალო-მეთქი და ფეხზე წამოვდექი. და მითხრა მან:

3მაყვლის ბუჩქიდან გამოვეცხადე და ველაპარაკე მოსეს, როცა ჩემი ხალხი ეგვიპტეში იყო დამონებული,

4მივავლინე იგი და გავიყვანე ჩემი ხალხი ეგვიპტიდან და სინაის მთის ძირას მივიყვანე, მოსე კი ჩემთან დავიტოვე მრავალი დღე.

5ვაუწყე მას მრავალი საოცრება და გავუმხილე მას დრო-ჟამის საიდუმლოებანი და დასასრული, დავმოძღვრე იგი და ვუთხარი:

6ზოგს გაცხადებულად იტყვი, ზოგს კი საიდუმლოდ შეინახავ.

7ახლა კი გეუბნები:

8ნიშნები, რომლებიც გაჩვენე და სიზმრები, რომლებიც იხილე და რომელთა განმარტებებიც იხილე, გულში ჩაინერგე.

9შენ გამორჩეული ხარ ყველასგან და ჩემი მცნებებისკენ იქნები მიქცეული შენს მსგავსებთან ერთად დრო-ჟამის დასასრულამდე.

10რადგან დაკარგა წუთისოფელმა თავისი სიჭაბუკე და სიბერის ჟამმა მოუწია.

11თორმეტ ნაწილად არის დაყოფილი წუთისოფელი და მისი მეათედი და ნახევარი უკვე გასულია,

12და დარჩება მეათედის მეორე ნახევარი.

13მაშ, მოიწყვე ახლა შენი სახლი, ამხილე შენი ხალხი, დაამშვიდე დამცირებულნი და უარყავი უკვე გადაგვარებულნი.

14განდევნე შენგან წარმავალი აზრები და გადაიგდე ადამიანური ტვირთი, მოიცილე უძლური ბუნება, განზე გადადე შენთვის სამძიმო ფიქრები და იჩქარე, რომ დააღწიო თავი ამ დროებას.

15რასაც ახლა ბოროტებას ხედავ, ამაზე უარესი მოხდება მომავალში.

16რადგან დაუძლურდა სიბერისგან წუთისთაუელი და უფრო და უფრო გამრავლდება მის მკვიდრთა შორის ბოროტებანი.

17უფრო და უფრო შორს წავა ჭეშმარიტება და მოახლოვდება სიცრუე. უკვე ჩქარობს მოსვლას, როგორც ხილვაში იხილე.

18ვუპასუხე და ვთქვი: მალაპარაკე-მეთქი შენს წინაშე, უფალო.

19აჰა, მე წავალ, როგორც მიბრძანე და ვამხილებ ამჟამინდელ ხალხს. მაგრამ კვლავ ვინც გაჩნდება, მათ ვინ გააფრთხილებს?

20რადგან წყვდიადში იმყოფება ეს წუთისთდცლი და ნათლის გარეშე არიან მისი მკვიდრნი.

21რადგან დაიწვა შენი რჯული და არავინ იცის, რა შეიქმნა შენგან ან რა მოხდება მომავალში.

22მაგრამ თუ ვპოვე შენში წყალობა, მოავლინე ჩემზე სულიწმიდა და აღვწერ ყველაფერს, რაც კი შექმნილა ამ წუთისთაუელში დასაბამიდან, რაც შენს რჯულშია ჩაწერილი, რომ შესძლონ ადამიანებმა ბილიკის პოვნა და იცოცხლონ, ვისაც კი სურს სიცოცხლე უკანასკნელ დღეებში.

23მიპასუხა და თქვა: შეკრიბე ხალხი და უთხარი მათ, რომ არ მოგიკითხონ ორმოცი დღე.

24შენ კი გაამზადე მრავლად საწერი დაფები და თან წაიყვანე სარეა, დაბრია, სალემია, ექანუსი და ასიელი - ხუთი კაცი, ვისაც შეუძლია სწრაფად წერა,

25და მოდი აქ. და მე დავანთებ შენს გულში გონების ლამპარს, რომელიც არ ჩაქრება, ვიდრე არ დასრულდება, რის წერასაც შეუდგები.

26რომ დაასრულებ, ზოგი რამ გააცხადე, ზოგიც საიდუმლოდ გადაეცი ბრძენებს. ხვალ ამ დროს შეუდექი წერას.

27მეც წავედი, როგორც დამარიგა, შევკრიბე მთელი ხალხი და ვთქვი:

28ისმინე, ისრაელო, ეს სიტყვები:

29დასაბამიდან ეგვიპტეში მდგმურობდნენ ჩვენი მამა-პაპანი და მერე გათავისუულდნენ იქიდან,

30მიიღეს სიცოცხლის რჯული, რომელიც არ დაიცვეს, და რომელსაც თქვენც არღვევთ მათ შემდეგ.

31წილად გერგოთ თქვენ მიწა, მიწა სიონისა, ხოლო თქვენი მამა-პაპა და თქვენც უკეთურად იქცევით და არ იცავთ გზას, რომელიც გიბრძანათ უზენაესმა.

32და რაკი სამართლიანი მსაჯულია იგი, თავის დროზე წაგართვათ, რაც მოგცათ.

33ახლა აქა ხართ თქვენ და თქვენი ძმებიც თქვენს შორის არიან.

34თუ უბრძანებთ თქვენს გონებას და გაწვრთნით თქვენს გულს, ცოცხლები გადარჩებით და სიკვდილის შემდეგ შეწყალებულნი იქნებით.

35რადგან მსჯავრი სიკვდილის შემდეგ მოვა, როცა კვლავ გავცოცხლდებით; მაშინ გაცხადდება მართალთა სახელები და გამჟღავნდება უწმინდურთა საქმენი.

36ახლა ნურავინ მოვა ჩემთან და ნურც მომიკითხავთ ორმოცი დღე.

37წავიყვანე ხუთი კაცი, როგორც მიბრძანა, წავედით ველზე და იქ დავრჩით.

38მეორე დღეს, აჰა, მომიწოდა ხმამ: ეზრა, გააღე პირი და დალიე, რასაც შეგასმევ.

39მეც გავაღე პირი და აჰა, მოწვდილია ჩემთვის სავსე თასი, თითქოს წყლით იყო სავსე, ფერით კი ცეცხლისფერი იყო.

40მივიღე და შევსვი, და როცა ვსვამდი, გული მევსებოდა აზრით და სიბრძნე მატულობდა მკერდში; გონებაც ინარჩუნებდა მეხსიერებას.

41პირი გაღებული მქონდა და მეტად აღარ დამიმუწავს.

42უზენაესმა გაგების უნარი მისცა ხუთ კაცს და მათაც ჩაიწერეს ყოველივე, რაც ითქვა ღამეების განმავლობაში და რაც არ იცოდნენ.

43ისინი ღამით ჭამდნენ პურს, მე კი დღისით ვლაპარაკობდი და არც ღამით დავდუმებულვარ.

44ორმოც დღეში ორას ოთხი წიგნი იქნა ჩაწერილი.

45რომ შესრულდა ორმოცი დღე, თქვა უზენაესმა: პირველად რაც ჩაწერეთ, საჯაროდ გააცხადეთ, წაიკითხონ ღირსეულებმა და უღირსებმაც.

46უკანასკნელი სამოცდაათი კი შეინახე, რათა გადასცე ისინი შენი ხალხის ბრძენებს.

47ამაშია შემეცნების ძარღვი, სიბრძნის წყარო და ცოდნის მდინარე. ასეც მოვიქეცი.


წინა თავი შემდეგი თავი