მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეოთხე მაკაბელთა წიგნი*
თავი 8

1ამიტომ იყო, რომ ღვთისმოსავობით ფილოსოფიის მიმდევარმა ახალგაზრდებმაც გაუძლეს უმძიმეს განსაცდელებს.

2პირველი ცდისას ხომ აშკარად დამარცხდა მტარვალი, რომელმაც ვერ აიძულა მოხუცი და ვერ შეაჭამა უსურმაგის ხორცი. მაშინ სასტიკი რისხვით შეპყრობილმა ბრძანა, წამოეყვანათ სხვები ებრაელთა საკრებულოდან და, თუ ისინი შეჭამდნენ უსურმაგის ხორცს, გადარჩებოდნენ; უარს თუ იტყვოდნენ, უფრო მძიმედ ეწამებოდნენ.

3ეს ბრძანა მტარვალმა და წარუდგინეს მას შვიდი ძმა მოხუც დედასთან ერთად. შვიდივე მშვენიერი, მოკრძალებული, კეთილშობილი და ყოველგვარი მადლით შემკობილი იყო.

4როდესაც დაინახა ისინი მბრძანებელმა, თითქოსდა საფერხულოდ, დედის ირგვლივ თავმოყრილნი, პატივისცემით განიმსჭვალა მათდამი და, მათი ღირსებითა და კეთილშობილებით მოხიბლულმა, გაუღიმა მათ, ახლოს მოუხმო და უთხრა:

5ჭაბუკებო, კეთილგანწყობილი ვარ თქვენდამი. მაოცებს თქვენი მშვენიერება და ძმების სიმრავლე. ამიტომაც გირჩევთ, არამცთუ არ აჰყვეთ წეღან წამებული მოხუცის უჯიათობას, არამედ გთხოვთ, დაჰყვეთ ჩემს ნებას და შეირგოთ ჩემგან შემოთავაზებული მეგობრობა.

6მე შემიძლია დაგსაჯოთ ჩემი განკარგულებისადმი ურჩობისათვის და შემიძლია სიკეთე მოგაგოთ ჩემი რჩევისადმი კეთილგანწყობის საზღაურად.

7დამერწმუნეთ, აღზევდებით ჩემს სამეფო კარზე, თუ უარყოფთ თქვენს მამაპაპეულ წეს-ჩვეულებებს.

8იცხოვრეთ ელინურად და დატკბით თქვენი ახალგაზრდობით.

9მაგრამ თუ ურჩობით განმარისხეთ, იძულებულებულს გამხდით, საშინელი წამებით ამოვხადო სული თითოეულ თქვენგანს.

10მაშ, შეიბრალეთ თქვენი თავი. მე, თქვენი მტერიც კი, შეძრული ვარ თქვენი სინორჩით და მშვენიერებით.

11ნუთუ არ ფიქრობთ იმაზე, რომ ურჩობის შემთხვევაში გარდაუვალი სატანჯველი მოგელით?

12ეს თქვა და ბრძანა, წინ დაეწყოთ წამების იარაღები, რათა შიშით აეძულებინა ისინი, რომ უსურმაგის ხორცი ეჭამათ.

13როცა მცველებმა მოუტანეს ბორბლები, ასოთგამწილავები, მარწუხები, კაუჭები, ისართმტყორცნები, ქვაბები, ტაფები, ხელთათმანები, რკინის ხელები, სოლები და მუგუზლები, და წინ დაუწყვეს, თქვა მბრძანებელმა:

14გეშინოდეთ, ყმაწვილებო, თუ სამართლის მოწიწება გექნებათ, მოწყალებით მოგექცევათ იგი, როცა იძულებით დაარღვევთ თქვენს რჯულს.

15მათ მოისმინეს მაცთუნებელი შეგონება, იხილეს საშინელი იარაღები და არამცთუ შედრკნენ, არამედ დაუპირისპირეს კიდეც მბრძანებელს ფილოსოფიური სიტყვა და გონივრული განსჯის წყალობით არად აქციეს მისი მბრძანებლობა.

16განვსაჯოთ, გულმხდალნი რომ ყოფილიყვნენ მათ შორის და არაკაცნი, როგორი სიტყვები იქნებოდა ნათქვამი? ასეთნი ხომ არა:

17ვაი, ჩვენ, უბედურებსა და უგუნურებს! როცა მეფე გვიხმობს ჩვენ და პატივს აღგვითქვამს, როგორ არ დავყვეთ მის ნებას და

18ჩვენი უგუნური გადაწყვეტილებით სიკვდილის მომტანი ურჩობა გავბედოთ?

19არ გეშინიათ, კაცებო, ძმებო, საწამებელი იარაღებისა და არაფრად მიიჩნევთ წამების მუქარას? არ უნდა გავექცეთ ცუდმედიდობას და დამღუპველ თავმომწონეობას?

20არ შევიბრალოთ ჩვენი ახალგაზრდობა და არ დავინდოთ დედის სიბერე?

21გვახსოვდეს, რომ დაგვღუპავს ჩვენი ურჩება.

22შეგვინდობს ღვთაებრივი სამართალიც, იძულებით რომ დავნებდეთ მეფეს.

23არ შევირგოთ მათგან ტკბილი ცხოვრება და ხელიდან გავუშვათ ამქვეყნიური სიამენი?

24მაშ, ნუ შევეწინააღმდეგებით ბედისწერას და ცუდმედიდობის გულისთვის ნუ ჩავიგდებთ თავს სატანჯველში.

25თავად რჯული არ ინებებს ჩვენს დასჯას, წამებას თუ შევუშინდებით.

26რას მოგვიტანს ეს ჯიბრი და რას გვარგებს ეს დამღუპველი გამძლეობა, როცა უშფოთველი ცხოვრება გველის, თუ მეფეს დავემორჩილეთ?

27მაგრამ მსგავსი არაფერი უთქვამთ ახალგაზრდებს, სატანჯველის მომლოდინეთ, არც გაუმხნევებიათ ერთურთი;

28რადგან სატანჯველის არადჩამგდებნი და ტკივილების დამთმენნი იყვნენ.

29დაასრულა თუ არა მბრძანებელმა შეგონებები უსურმაგის ხორცის ჭამაზე, ყველამ ერთხმად, თითქოსდა ერთი სულიდან ამბობენო, აღმოთქვა:


წინა თავი შემდეგი თავი