მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა ნიკიფორე აღმსარებელი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა ნიკიფორე აღმსარებელი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (828 წ.) დაიბადა VII საუკუნის მეორე ნახევარში. ქრისტეს აღსარებისათვის მისმა მშობლებმა ბევრი დევნა და შევიწროება დაითმინეს ხატმბრძოლი იმპერატორის, კონსტანტინე კოპრონიმისაგან (741-775 წწ.). წმიდა ნიკიფორემ კარგი საერო განათლება მიიღო, მაგრამ ყველაზე ღრმად საღვთო წერილი შეისწავლა. მას ძლიერ უყვარდა სასულიერო წიგნების კითხვა.

ლეონ IV-ის მმართველობის (775-780 წწ.) დროს ნიკიფორე მეფის მრჩეველი გახდა. სამეფო კარზე მოღვაწეობისას იგი განაგრძობდა თავშეკავებულ, კეთილმსახურ ცხოვრებას, შეურყვნელად ინარჩუნებდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და იცავდა ხატთაყვანისცემის მკაცრ წესს. 787 წელს, ლეონ IV-ის სიკვდილის შემდეგ, კონსტანტინე IV-ისა (780-797 წწ.) და მისი დედის, წმიდა ირინეს ზეობისას ნიკეაში ჩატარდა VII მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელმაც დაგმო ხატმბრძოლობის ერესი. ღრმად განსწავლული ნიკიფორე კრებაზე იმპერატორის სახელით გამოვიდა მართლმადიდებლური სწავლების დასაცავად.

ამის შემდეგ, წმიდა ნიკიფორე კიდევ რამდენიმე წელი დარჩა სამეფო კარზე, მაგრამ ამაოებით სავსე ცხოვრება სულ უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა მისთვის. ბოლოს, ღვთის სიყვარულით აღსავსემ, ხელი აიღო ამა სოფლის ძლიერთა მსახურებაზე და განმარტოვდა ბოსფორის სანაპიროზე, სადაც მდუმარებაში, მარხვასა და ლოცვაში ატარებდა დროს. მისი ღვაწლით აიგო რამდენიმე ტაძარი და დაარსდა მონასტერი.

იმპერატორ ნიკიფორე I-ის მმართველობის (802-811 წწ.) დროს წმიდა პატრიარქის, ტარასის (784-806 წწ.) მიცვალების შემდეგ, ეკლესიის საჭეთმპყრობელად წმიდა ნიკიფორე აირჩიეს. იგი ჯერ ბერად აღიკვეცა, შემდეგ მღვდლად აკურთხეს, შემდეგ კი 806 წლის 12 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, საპატრიარქო ტახტზე აღასაყდრეს.

ხატთაყვანისმცემელი იმპერატორის, ლეონ V სომეხის (813-820 წწ.) ზეობისას, კვლავ დაიწყო ქრისტიანთა დევნა. იმპერატორმა გადასახლებიდან გამოიწვია VII მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ განკვეთილი ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები, მათი შემადგენლობით მოიწვია ერეტიკული კრება და რწმენის საკითხებზე საპაექროდ პატრიარქს უხმო. წმიდა ნიკიფორემ მწვალებლებთან ბჭობაზე უარი განაცხადა, რადგან ხატმბრძოლთა ერესი უკვე ანათემას იყო გადაცემული. ნიკიფორე ჯერ ქრისოპოლის მონასტერში გაგზავნეს, შემდეგ კი კუნძულ პროკონისზე გადაასახლეს, მარმარილოს ზღვაში, სადაც 13 წლის შემდეგ აღესრულა, ნატანჯი და შევიწროებული.

847 წლის 13 მარტს წმიდა პატრიარქის უხრწნელი ნაწილები პატივით გადაასვენეს კონსტანტინოპოლში, წმიდა სოფიას ტაძარში.