| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი II საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი მოღვაწე წარმოშობით ბერძენი იყო. სამარიის უძველეს ქალაქ სიქემაში ეზიარა ის ბერძნულ ფილოსოფიასა და სხვადასხვა მეცნიერებას. ერთხელ, ქალაქის გარეუბანში სეირნობისას, დაფიქრებულ იუსტინეს შეხვდა ბერი, რომელმაც ხანგრძლივი საუბრის დროს ქრისტიანული მოძღვრების არსი განუმარტა მას და ურჩია, ყველა მტანჯველ კითხვაზე პასუხი წმიდა წერილში ეძებნა. „მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, - თქვა ბერმა, - გულმოდგინედ ევედრე უფალს, რომ განგინათლოს გონება. არავის ძალუძს ჭეშმარიტების შეცნობა, თუ იგი არ განანათლა უფალმა, რომელიც უხვად მიმადლებს ყოველივეს რწმენითა და სიყვარულით მვედრებლებს“. 30 წლის იყო იუსტინე, როცა მოინათლა, და ამ დროიდან მოყოლებული, მთელ თავის ნიჭსა და ცოდნას წარმართთა შორის ქრისტეს სწავლების გავრცელებას ახმარდა. „ვისაც შეუძლია ჭეშმარიტება ამცნოს სხვას, და ამას არ აკეთებს, მოეკითხება უფლისაგან“, - წერდა იგი. იუსტინემ გახსნა სასწავლებელი, სადაც ქრისტიანულ ფილოსოფიას ასწავლიდა. წმიდანი მხურვალედ იცავდა ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტებას. დაახლოებით 155 წელს, როცა იმპერატორმა ანტონინუს პიუსმა (138-161 წწ.) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, წმიდა იუსტინემ პირადად გადასცა მას „აპოლოგია“ სამი სიკვდილმისჯილი ქრისტიანის დასაცავად, სადაც დამაჯერებლად დაამტკიცა ქრისტიანთა მიმართ წაყენებული ბრალდებების სიყალბე. „აპოლოგიამ“ იმპერატორზე ისეთი გავლენა მოახდინა, რომ დევნა შეწყვიტა. აზიაში, სადაც განსაკუთრებით ავიწროებდნენ ქრისტიანებს, თავად იუსტინე გაგზავნა, რომელმაც სიხარულით ამცნო მის მცხოვრებლებს იმპერატორის გადაწყვეტილება. ეფესოში გაიმართა კამათი იუსტინესა და რაბინ ტრიფონს შორის. ფილოსოფოსმა, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებებზე დაყრდნობით დაადასტურა ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტება. ეს კამათი წმიდა იუსტინემ გადმოსცა თხზულებაში „საუბარი იუდეველ ტრიფონთან“. მეორე „აპოლოგიით“ წმიდანმა რომის სენატს მიმართა. ეს მოხდა 161 წელს, ტახტზე მარკუს ავრელიუსის ასვლის შემდეგ (161-180 წწ.). იტალიისკენ მიმავალი იუსტინე მოციქულთა მსგავსად ქადაგებდა სახარებას და თავისი ღვთივსულიერი სიტყვით მრავალი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. რომში დაბრუნებული წმიდანის მიმართ მრავალი ცრუბრალდება აღძრა ვინმე კრისკენტიმ, რომელიც არაერთხელ დამარცხებულა წმიდანთან კამათში და მისადმი შური უღრღნიდა სულს. წმიდა იუსტინე დააპატიმრეს და სასტიკი წამებით ამოხადეს სული 166 წელს. ზემოთ უკვე ნახსენებ თხზულებათა გარდა წმიდა მოწამე იუსტინეს ეკუთვნის: „სიტყვა ელინთა წინააღმდეგ“, „ელინთა სამხილებლად“, „სულის შესახებ“. წმიდა იოანე დამასკელმა შემოგვინახა დიდი ნაწილიმ მის ჩვენამდე მოუღწეველი ნაშრომისა „აღდგომის შესახებ“. ისტორიკოს ევსების ცნობით, წმიდანს დაუწერია წიგნები: „ყველა არსებული ერესის სამხილებლად“, „მარკიონის წინააღმდეგ“ და სხვა. წმიდა იუსტინე ფილოსოფოსის ნაწილები რომში განისვენებს. |