მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსნი მამანი: შიო ახალი, დავითი, გაბრიელ და პავლე გარეჯელნი
#წმინდათა ცხოვრება

დავით გარეჯის მონასტერი ყოველთვის ბერთა სიმრავლითა და მკაცრი მოღვაწეობით გამოირჩეოდა, სოფლის ამაოებას განშორებული მოღვაწენი აქ პოულობდნენ სულის სიმშვიდეს. წმიდა სავანეში ერთნაირ პირობებში ცხოვრობდნენ სიმდიდრესა და პატივს გამოქცეული და უკიდურესი სიღარიბიდან გამოსული ბერ-მონაზონნი.

ღირსი შიო ქართლის სოფელ ვეძისიდან იყო. მისი მშობლები, პაპუნა და თამარი იმ მხარეში სიმდიდრით იყვნენ ცნობილნი. მათ რვა შვილი - ხუთი ვაჟი და სამი ქალიშვილი ჰყავდათ. მშობლების გარდაცვალების შემდეგ შიოს ძმებს ჩხუბი მოუვიდათ, უშვერი სიტყვებით გალანძღეს ერთმანეთი, შემდეგ კი უფროსმა დანით მოკლა უმცროსი.

როცა ეს ამბავი ნეტარმა შიომ გაიგო, მწუხარებით აღვსილმა, გადაწყვიტა გასცლოდა მაცდურ წუთისოფელს, რომლის სიყვარულმაც შეიძლება ძმას ძმა მოაკვლევინოს და შვილს - მამა.  „არარა მნებავს ყოფა სოფელსა ამასა შინა“, - გაანდო მან მოძღვარს თავისი გულისნადები. მოძღვარმა მას დავით გარეჯის მონასტერში წასვლა და ბერად აღკვეცა ურჩია. ამ დროს გარეჯის წინამძღვარი იყო მამა ონოფრე მაჭუტაძე, რომელმაც მანამდეც მრავალჯერ შესთავაზა ნეტარ შიოს: „მოდი ძმაო შიო, მონასტერსა ჩემსა და აქ აღვასრულეთ ჟამნი ჩვენი“.

ონოფრემ სიხარულით მიიღო ერში პატიოსნებითა და ერთგულებით ცნობილი შიო, მას ცალკე სენაკი მიუჩინა და მორჩილების წესიც დაუდგინა.

ნეტარი შიოს დაუღალავმა მოღვაწეობამ, სიმდაბლემ, ძმათა სიყვარულმა შესაბამისი ნაყოფი გამოიღო, მასთან ბევრი მიდიოდა რჩევისათვის, ხშირად იგი მონასტრის საქმეებსაც განაგებდა წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით.

ერთხელ წინამძღვარი მამა ონოფრე მონასტრის საქმეებზე სხვაგან წავიდა, ძმები და მონასტერი შიოს ჩააბარა. მწუხრის ლოცვის და ტრაპეზის შემდეგ, შრომისა და ლოცვისგან დასვენებულ საძმოს ლეკთა მოთარეშე ბანდა დაესხა თავს, მღვდელმონაზონ შიოსთან ერთად შეიპყრეს და წამებით მოკლეს ბერები: დავითი, გაბრიელი და პავლე. ხმაურზე ზოგმა მოასწრო გაქცევა და დაიმალა. უსჯულოები გაქცეულებსაც მისწვდნენ და აუმოწყალოდ აჩეხეს ხმლებით. სისხლმა აავსო ტაძარი და სენაკები. შემდეგ ლეკებმა წამებულები გაძარცვეს, დაამტვრიეს და ცეცხლს მისცეს საეკლესიო ნივთები, სამღვდელო შესამოსელთაგან ზოგიერთი წაიღეს, ზოგიც იქვე ჭაში ჩაყარეს, ნაჯახით დაჩეხეს წმიდა ხატები.

შეწუხდნენ მეფე ერეკლე და კათოლიკოსი იოანე, გაიკვირვეს კიდეც: „ვითარ მოიწივნეს ლეკნი აქამომდისო“. კათოლიკოსის ლოცვა-კურთხევითა და მეფის ბრძანებით წმიდა მოწამეთა აჩეხილი ნაწილები წმიდა დავით გარეჯელის (ხს. 7 მაისს და ამაღლების შემდეგ ხუთშაბათს) საფლავის სამხრეთით დაკრძალეს.