მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე ერმე
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე ერმე (II) მოწამებრივად აღესრულა იმპერატორ ანტონინუს პიუსის მმართველობის (138-161 წწ.) დროს. კაბადოკიაში ჩასულმა იმპერატორის მოხელემ, სებასტიანემ მას კერპთა თაყვანისცემა მოსთხოვა და სანაცვლოდ დიდება და პატივი აღუთქვა. მხცოვანმა წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე, იგი სასტიკად სცემეს, სახიდან კანი გადააძვრეს. ნაწამები ერმე გახურებულ ღუმელში შეაგდეს, მაგრამ სამი დღის შემდეგ უვნებელი გამოვიდა ცეცხლიდან. ვერც შხამიანმა სასმისმა დააკლო ვერაფერი წმიდანს. წმიდა ერმე თავდაყირა დაკიდეს. სამი დღის შემდეგ მასთან მივიდნენ სებასტიანეს გამოგზავნილი კაცები და როცა კვლავ ცოცხალი იხილეს, სასწაულით გაოგნებულებმა, შემწეობა ითხოვეს მისგან.

განრისხებულმა სებასტიანემ დანით გამოჭრა ყელი ქრისტეს აღმსარებელს. ქრისტიანებმა მალულად დაკრძალეს წმიდანის ნეშტი.