მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ხსენება I მსოფლიო საეკლესიო კრებისა
#წმინდათა ცხოვრება

ხსენება I მსოფლიო საეკლესიო კრებისა, რომელიც ჩატარდა ნიკეაში (325 წელს). IV საუკუნიდან ქრისტიანთა დევნა შეწყდა, მაგრამ თვით ეკლესიის შიგნით გაჩნდა ერესები, რომელთა შორის ყველაზე საშიში ერესი იყო არიანელობა. ალექსანდრიელი ხუცესი არიოზი - უაღრესად ამაყი და პატივმოყვარე კაცი - უარყოფდა იესო ქრისტეს ღვთაებრიობას და თანასწორობას მამა ღმერთთან. ალექსანდრიის პატრიარქის, ალექსანდრეს მოთხოვნით მოწვეულმა ადგილობრივმა კრებამ დაგმო არიოზის ცრუსწავლება, მაგრამ ერეტიკოსი არ დაემორჩილა კრების განჩინებას და განაგრძო თავისი დამღუპველი სწავლების გავრცელება მთელ აღმოსავლეთში. წარმოქმნილი შფოთის აღსაკვეთად წმიდა მოციქულთასწორმა იმპერატორმა კონსტანტინემ (ხს. 21 მაისს) თხოვნით მიმართა ოსია კორდუბელს, აეხსნა მისთვის არიანელობის არსი. როცა იმპერატორი დარწმუნდა, რომ ცრუსწავლება ქრისტიანობის უმთავრესი დოგმატის წინააღმდეგ იყო მიმართული, გადაწყვიტა მსოფლიო კრება მოეწვია.

325 წელს ნიკეაში თავი მოიყარა 318-მა ეპისკოპოსმა. შეკრებილთა შორის იყვნენ აღმსარებლები, რომლებმაც ქრისტიანთა დევნის დროს საშინელი ტანჯვა-წამება დაითმინეს: პაფნუტი თებაიდელი, პოტამონ ჰერაკლიელი, პავლე, მესოპოტამიის ეპისკოპოსი... კრებას ესწრებოდნენ ეკლესიის ბურჯები: წმიდა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი, წმიდა ათანასე დიდი და სხვები.

კრების სხდომებს ესწრებოდა წმიდა მოციქულთასწორი იმპერატორი. მან ბრძანა: „ღვთის შეწევნით დავამხე მდევნელთა ძალაუფლება, მაგრამ ყოველგვარ ომზე, სისხლისღვრაზე მძიმეა ჩემთვის ქრისტეს ეკლესიის წიაღში ატეხილი ბრძოლა“.

კრებამ დაგმო არიოზის ერესი, თავად ცრუმოძღვარი კი განიკვეთა ეკლესიიდან. წმიდა ათანასე დიდმა თავის სიტყვაში საბოლოოდ გააცამტვერა არიოზის მკრეხელური აზრები. კრებაზე დამტკიცდა მართლმადიდებლური რწმენის სიმბოლო, სადაც წმიდა მამებმა გადმოსცეს სწავლება სამების მეორე პირის, იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნების შესახებ.

მთავარი დოგმატური საკითხის გადაწყვეტის შემდეგ კრებამ დაამტკიცა საეკლესიო მართვისა და დისციპლინის კანონები. გადაწყდა აგრეთვე, რომ აღდგომის დღესასწაული ეზეიმათ ებრაელთა პასექის შემდეგ, მთვარის აღვსების მომდევნო კვირადღეს.