მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა ქალწულმოწამე თეოდოსია ტვირელი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა ქალწულმოწამე თეოდოსია ტვირელი აღესრულა 307 ან 308 წელს. ცნობები მისი ცხოვრების შესახებ მოთავსებულია 3 აპრილის საკითხავში. 29 მაისს აღინიშნება მისი წმიდა ნაწილების გადასვენება ჯერ კონსტანტინოპოლში, შემდეგ კი - ვენეციაში.

ღირსმოწამე თეოდოსია კონსტანტინოპოლელი VIII საუკუნეში ცხოვრობდა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ იგი კონსტანტინოპოლის წმიდა მოწამე ანასტასიას სახელობის ქალთა მონასტერში იზრდებოდა, შემდეგ კი მონაზვნად აღიკვეცა. მემკვიდრეობით მიღებული ქონება წმიდანმა ღარიბებს დაურიგა, თანხის ნაწილით კი მაცხოვრისა, ღვთისმშობლისა და წმიდა ანასტასიას ხატები დააწერინა. ლეონ ისავრიელმა (717-741 წწ.) ტახტზე ასვლისთანავე გამოსცა ბრძანება, რომელიც წმიდა ხატთა განადგურებას მოითხოვდა. მაშინ კონსტანტინოპოლში იყო ერთი კარიბჭე, რომლის თავზეც 400-ზე მეტი წლის განმავლობაში მაცხოვრის სპილენძის ხატი იყო აღმართული. 730 წელს ხატმბრძოლმა ცრუპატრიარქმა ანასტასიმ ხატის მოხსნა ბრძანა. მართლმადიდებლები წმიდა თეოდოსიას წინამძღოლობით მხნედ დადგნენ მის დასაცავად. ხალხის შფოთით შეშინებულმა ცრუპატრიარქმა მომხდარის შესახებ იმპერატორს მოახსენა. ლეონ ისავრიელის ბრძანებით მონაზვნები ამოხოცეს, ხოლო მათი წინამძღოლი - წმიდა თეოდოსია საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდანს შვიდი დღის განმავლობაში აწამებდნენ, მერვე დღეს კი ქალაქში გაიყვანეს, წამებით ამოხადეს სული და მისი ცხედარი ქუჩაში უპატიოდ დააგდეს (სხვა ცნობით წმიდანი საპყრობილეში აღესრულა 726 ან 730 წელს). ღირსმოწამის ნეშტი ქრისტიანებმა დიდი პატივით დაკრძალეს კონსტანტინოპოლის დექსიოკრატის მონასტერში.