| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მოწამე ელიკონიდა
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოწამე ელიკონიდა ცხოვრობდა ქალაქ თესალონიკში. ქრისტიანთა დევნის დროს წმიდანი კორინთოში წავიდა და წარმართთა შორის ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო, რისთვისაც შეიპყრეს და ქალაქის მმართველ პერინიუსს მიჰგვარეს. წმიდა აღმსარებელი სასტიკად სცემეს და გახურებულ ღუმელში ჩააგდეს, მაგრამ ცეცხლიდან უვნებელი გამოვიდა. მმართველმა ჯადოქრობა დასწამა წმიდანს და კვლავ სატანჯველად გადასცა ჯალათებს, შემდეგ ბრძანა, შეეწყვიტათ წამება და ელიკონიდას პატივსა და ქურუმობას დაჰპირდა, თუ კერპთაყვანისცემის რიტუალს ჩაატარებდა. მოულოდნელად წმიდანი დათანხმდა. გახარებულმა ქურუმებმა და ხალხმა ყიჟინით წაიყვანეს მოწამე სამსხვერპლოში და მისივე თხოვნით მარტო დატოვეს, ელიკონიდამ კი ყველა კერპი დალეწა. შეძრწუნრბულმა ქურუმებმა მისი სიკვდილით დასჯა მოითხოვეს. სასჯელის მოლოდინში საპყრობილეში გამომწყვდეულ წმიდა აღმსარებელს მაცხოვარი გამოეცხადა წმიდა მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა თანხლებით და წყლულებისაგან განკურნა. ხუთი დღის შემდეგ ელიკონიდასთან სამი დამშეული ლომი შეუშვეს, მაგრამ მხეცები მორჩილებით მიუახლოვდნენ მას და ფეხები აულოკეს. გამხეცებული პერინიუსის ბრძანებით წმიდანს თავი მოჰკვეთეს. ეს მოხდა 244 წელს. ქრისტიანებმა პატივით დაკრძალეს წმიდანის ნეშტი. |