მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა აღმსარებელი იოანე რუსი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა აღმსარებელი იოანე რუსი XVIII საუკუნეში დაიბადა მალოროსიაში. როცა სრულწლოვანებას მიაღწია, იგი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. წმიდანი რიგით მეომრად მსახურობდა პეტრე I-ის არმიაში; რუსეთ-თურქეთის ომის დროს თათრებმა ტყვედ ჩაიგდეს და თურქეთის ცხენოსანთა ჯარის მეთაურს მიჰყიდეს. ამ უკანასკნელმა იოანე თავის სამშობლოში, მცირე აზიის სოფელ პროკოპიაში წაიყვანა. თურქები წამებით ცდილობდნენ ტყვეების გამუსულმანებას. წმიდა იოანე უშიშრად აღიარებდა იესო ქრისტეს. „ვერც მუქარით, ვერც სიმდიდრითა და ამქვეყნიური სიტკბოების აღთქმით ვერ შეძლებთ რწმენა შემაცვლევინოთ, მე ქრისტიანად დავიბადე და ქრისტიანადვე მოვკვდები“, - ამბობდა იგი. აღმსარებლის გაბედულმა სიტყვებმა და მტკიცე სარწმუნოებამ, მისმა წმიდა და მართალმა ცხოვრებამ გული მოულბო მრისხანე ბატონს. მან შეწყვიტა წმიდანის ტანჯვა, ქრისტიანობის უარყოფასაც არ ითხოვდა მისგან, მხოლოდ პირუტყვის მოვლა და თავლაზე თვალყურის დევნა დაავალა.

უფლის მსახური მთელი დღის მანძილზე კეთილსინდისიერად ემსახურებოდა ბატონს, ნახევრადშიშველი და ფეხშიშველი, ზამთრის სუსხსა და ზაფხულის პაპანაქებაში გულმოდგინედ ასრულებდა ბატონის ბრძანებას. იოანე თავლის ერთ კუთხეში ცხოვრობდა. აქ იგი მშვიდად ეძლეოდა ხოლმე ლოცვით ღვაწლს. ზოგჯერ, როცა ჩამობნელდებოდა, წმიდანი გადიოდა თავლიდან, წმიდა გიორგის სახელობის ტაძარს მიაშურებდა და მის კარიბჭესთან მუხლმოყრილი, გულმხურვალედ ლოცულობდა. ამავე ტაძარში ეზიარებოდა იგი საუფლო დღესასწაულებზე.

იოანე, მიუხედავად სიღატაკისა, ყოველთვის ეხმარებოდა ღატაკებს და დავრდომილებს, თავის მწირ საზრდელს უყოფდა მათ.

ბოლოს ნეტარი აღმსარებელი დასნეულდა და დაუძლურდა. აღსასრულის მოახლოება იგრძნო და მღვდელს მოუწოდა. მოძღვარმა თავი აარიდა წმიდა ძღვენით თურქი მხედართუფროსის სასახლეში მისვლას, ვაშლში ჩააბრძანა წმიდა ნაწილები და ასე ფრთხილად გადასცა იოანეს. უფლის სათნომყოფელმა ადიდა ღმერთი, ეზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს და სული აღმოხდა.

წმიდა იოანე რუსი 1730 წლის 23 მაისს მიიცვალა. ბატონმა ღვთისმსახურებს მიანდო ცხედრის გაპატიოსნება და დაკრძალვა. მათაც ქრისტიანული წესით მიაბარეს იგი მიწას.

სამი წლის შემდეგ მოძღვარმა სასწაულებრივი გამოცხადებით შეიტყო, რომ იოანეს ნაწილები უხრწნელად იყო დაცული. მოხდა მათი აღმოყვანება. ნეტარ აღმსარებელს გამორჩეულ პატივს სცემენ ათონის მთაზე, განსაკუთრებით რუსულ წმიდა პანტელეიმონის სახელობის მონასტერში.