მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი მიქელ პარეხელი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი მიქელ პარეხელი წმიდათა მამათა, სერაპიონ ზარზმელისა (ხს. 29 ოქტომბერს) და გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) უფროსი თანამედროვე იყო. ღირსი მიქელი წარმოშობით შავშელი იყო, სოფელ ნორგიალიდან. იგი მიძნაძორში აღიკვეცა ბერად. როცა ხანძთაში მოღვაწე ბერთა შესახებ გაიგო, იქ ჩავიდა, პარეხს დაემკვიდრა და ღვთის მოწოდებით, კაცთაგან მიუვალ, კლდოვან ადგილას მცირე ეგვტერი და ძმათა საცხოვრისი ააშენა. თვითონ მარტოდმყოფობას ეძებდა და ღვთივსათნოდ ცხოვრობდა. მას მრავალი მოწაფე ჰყავდა, „სრულნი და ბრწყინვალენი სათნოებითა“. უფალს სათნო-ეყო ნეტარი მამის მოღვაწეობა და მიჰმადლა მას ნიჭი „სასწაულთა და ნიშთა ქმედებისა“. წმიდა მიქელმა ღვთიური გამოცხადებით მიიღო ბრძანება, რომ მისი მოწაფეები, სერაპიონი და იოანე სამცხეში გაეგზავნა მონასტრის ასაშენებლად. ისინიც ძმებთან ერთად გაემგზავრნენ სამცხეს და ზარზმაში შესანიშნავი სავანე ააგეს.

კაცთა მოდგმის უბოროტესი მტერი - ეშმაკი იგლოვდა, რადგან ხედავდა ღირსი მიქელ პარეხელისა და მისთა მოწაფეთა გამრავლებით მოწევნულ სიკეთეს და წმიდა მამის უდაბნოდან გაძევებას ათასნაირი საცდურით ცდილობდა, მაგრამ ღმერთშემოსილი ბერი მოთმინებით, ლოცვითა და მარხვით, ქრისტეს შეწევნითა და წმიდათა მეოხებით არცხვენდა მის მანქანებას.

ერთხელ მამა მიქელი განეშორა სენაკს და დანდობილად დადგა კლდის თავზე. ეშმაკმა ბერი სიმაღლიდან გადმოაგდო, მაგრამ უფალმა უვნებლად დაიცვა. შეშინებულმა მიქელმა მოწაფე გაგზავნა გრიგოლ ხანძთელთან, თავისთან იხმო და აუწყა ყოველი განსაცდელი. ღირსმა გრიგოლმა ნუგეში სცა სულიერ ძმას, ორი ჯვარი აღმართა სენაკის მარჯვნივ და მარცხნივ და უთხრა: „ორთა ამათ ჯუართა ქრისტესთა შუა უშიშად იყავ შეწევნითა წმიდისა სამებისაითა და ძალითა პატიოსნისა ჯუარისაითა, ხოლო უკუეთუ წარჰვლო, კუალად განიცადო უძვრისად პირველისა“.

ქრისტესმიერმა ძმებმა ილოცეს და ღმერთი ადიდეს. ამის შემდეგ ნეტარმა მიქელმა სრული განსვენება მიიღო, რადგან სიმდაბლით დასცა ამპარტავანი მტერი.

ღირსი მიქელი დიდხანს მოღვაწეობდა პარეხში, აღესრულა ღრმა მოხუცებულობაში, დამარხეს მის მიერ დაარსებულ სავანეში. მისი საფლავი სარწმუნოებით მოსულებს კურნებას მიჰმადლიდა.

ბასილი ზარზმელის გადმოცემით, ღირსი მიქელ პარეხელის ცხოვრება, მოღვაწეობა, სწავლებანი და სასწაულები მისი გარდაცვალების შემდეგ მისმა მოღვაწეებმა აღწერეს. ამ თხზულებას ჩვენამდე არ მოუღწევია. ცნობები ღირსი მამის, მიქელ პარეხელის შესახებ შემონახულია გრიგოლ ხანძთელის და სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში.