| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მოწამე გიორგი ახალი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოწამე გიორგი ახალი (1515 წ.) დაიბადა ბულგარეთის დედაქალაქში, დიდებულთა ოჯახში. მის მამამისს ერქვა იოანე, დედას - მარიამი. ყრმა ღრმადმორწმუნე მშობლების ლოცვების შემდეგ მოევლინა ქვეყანას. მას დიდმოწამე გიორგის (ხს. 23 აპრილს და 10 ნოემბერს) სახელი უწოდეს. ღვთისმოშიშებით გამორჩეულმა გიორგიმ კარგი განათლება მიიღო და ღრმად განისწავლა წმიდა წერილში. წმიდანი 25 წლისა იყო, როდესაც მშობლები გარდაეცვალნენ. ამ დროს ბულგარეთი თურქებს ჰქონდათ დაპყრობილი და მძლავრობით ავრცელებდნენ მუსულმანობას ქრისტიანულ მოსახლეობაში. ერთხელ რამდენიმე თურქმა გიორგის ძალით ჩალმა დაახურეს, მაგრამ მან მოიგლიჯა უსჯულოთა თავსაბურავი და მიწაზე დაანარცხა. განრისხებულმა თურქებმა იგი მმართველს მიჰგვარეს. მმართველი მოიხიბლა გიორგის ვაჟკაცური გარეგნობით. ის წმიდანს დიდებასა და სიმდიდრეს აღუთქვამდა სარწმუნოების უარყოფის ფასად, რაზეც გიორგიმ მტკიცე უარი განაცხადა და უშიშრად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება. მაშინ განრისხებულმა მმართველმა მისი წამება ბრძანა. ღვთის შეწევნით გაძლიერებულმა წმიდანმა მხნედ აიტანა ყოველგვარი სატანჯველი. ბოლოს თურქებმა გიორგის დასაწვავად ქალაქის შუაგულში დიდი კოცონი გააჩაღეს, მაგრამ წმიდანმა უკანასკნელი წამების ადგილამდე ვერ მიაღწია: ჭრილობებისაგან დაუძლურებული გზაში ჩაიკეცა. მტარვალებმა სულთამებრძოლი ცეცხლამდე მიათრიეს, შიგ ჩააგდეს და ზედ მკვდარი ძაღლები დააყარეს, რომ ქრისტიანებს ნეშტის მოძებნა გასჭირვებოდათ. მოულოდნელად წამოსულმა კოკისპირულმა წვიმამ ცეცხლი ჩააქრო. ღამით ზეციურმა ნათელმა გააბრწყინა ის ადგილი, სადაც გიორგის გვამი ესვენა. ერთ მღვდელს უფლება მისცეს მოწამის ძვლები აეკრიფა და დაემარხა. როცა ეს ამბავი მიტროპოლიტმა იერემიამ გაიგო, სამღვდელოებასთან ერთად ნაკვერჩხლებიდან გადმოაბრძანა გიორგის წმიდა ნაწილები და პატივით გადაასვენა წმიდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარში ქალაქ სრედცაში (ახლანდელი სოფია). |