| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მოწამე მელეტი სტრიტალატი, სტეფანე, იოანე, სერაპიონ მეგვიპტელი, კალინიკე მოგვყოფილი, თეოდორე, ფავსტო და სხვანი 1218 ქრისტიანი დედებით და ყრმებით
#წმინდათა ცხოვრება რომის იმპერატორის, ანტონ ჰელიოგაბალის (218-222 წწ.) ზეობის ჟამს წმიდა მოწამე მელეტი გალატიის ოლქის მხედართმთავრად მსახურობდა. ის ქრისტიანი იყო და მხურვალედ ევედრებოდა უფალს წარმართული უგუნურების აღკვეთას. მისი ლოცვით შეძრწუნებული ბოროტი სულები გამოვიდნენ წარმართული სამსხვერპლოებიდან, ძაღლებში შევიდნენ და ავი ყეფით აფრთხობდნენ მოსახლეობას. წმიდა მელიტიმ თავისი მხედრობით გაანადგურა ძაღლები და შემუსრა სამსხვერპლოები. ამისთვის წმიდანი შეიპყრეს და გალატიის მმართველ მაქსიმიანეს წარუდგინეს. მელეტის უბრძანეს კერპებისათვის შეეწირა მსხვერპლი, მაგრამ მან უარი განაცხადა,რისთვისაც იგი წამებით მოკლეს. მასთან ერთად დასაჯეს წმიდა მოწამენი - სტეფანე და იოანე. პოლკის სხვა მხედრები, რომლებმაც ქრისტიანებად გამოაცხადეს თავი, ოჯახებთან ერთად მახვილებით იყვნენ მოწყვეტილნი. წამებით დახოცეს 1218 ქრისტიანი, სხვა ცნობით 1100 (დაახლოებით 218 წელს). წმიდა თეოდორე და ფავსტო ცეცხლში დაწვეს. წამებულთაგან ცნობილია რამდენიმე დედის სახელი: მარკინა, სოსანა, პალადია, ყრმანი: კვირიაკე და ქრისტინე. ცნობილია აგრეთვე 12 ტრიბუნის სახელი: ფავსტო, ფისტი, მარკელე, თეოდორე, მელეტი, სერგი, მარკელინე, ფელიქსი, ფოტინი, თეოდორისკო, მერკური, დიდიმი. წმიდა მოწამე სერაპიონი ეგვიპტეში დაიბადა. ის გალატიაში იმყოფებოდა წმიდათა მოწამეობრივი აღსასრულის ჟამს. მათი მხნეობისა და ერთგულების მხილველმა, თავადაც იწამა სახარებისეული სწავლება, რისთვისაც დაატუსაღეს და წამებით ამოხადეს სული. |