მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი სვიმეონ მესვეტე
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი სვიმეონ მესვეტე დაიბადა ანტიოქიაში 521 წელს, ღვთისმოშიში ქრისტიანების, იოანესა და მართას ოჯახში. მისი დაბადება და ღვთის სამსახურში ჩადგომა იოანე ნათლისმცემლის გამოცხადებით წინასწარ ეუწყა დედას - წმიდა მართას (ხს. 4 ივლისს). ყრმა ორი წლისა იყო როცა მონათლეს.

ექვსი წლის სვიმეონს ანტიოქიაში მომხდარი მიწისძვრისას მამა გარდაეცვალა. ამ დროს ბავშვი ეკლესიაში იყო. ტაძრიდან გამოსულს გზა დაებნა და ერთმა ღვთისმოსავმა ქალმა შეიფარა. ნეტარ მართას კვლავ იოანე ნათლისმცემელი გამოეცხადა და შვილის ადგილსამყოფელი აუწყა. ამის შემდეგ დედა-შვილი ქალაქის გარეუბანში დასახლდა, სადაც ყრმას რამდენიმეჯერ გამოეცხადა უფალი იესო ქრისტე და მომავალი განუცხადა.

ყრმა სვიმეონი უდაბნოში გავიდა, გარკვეული ხანი მარტოობაში გაატარა, შემდეგ კი ნათელმოსილმა ანგელოზმა მონასტერში მიიყვანა, რომლის წინამძღვარი - აბბა იოანე სვეტზე იყო დაყუდებული. მან სიყვარულით მიიღო ყრმა.

გავიდა ხანი და წმიდა სვიმეონმა იოანეს სვეტზე ასვლის ნებართვა სთხოვა. წინამძღვრის კურთხევით ძმებმა შორიახლოს ახალი სვეტი ააგეს.

შემდეგ აბბა იოანემ ბერად აღკვეცა წმიდანი. ღვთისგან გაძლიერებული ნორჩი მოღვაწე სულიერად სწრაფად იზრდებოდა და მალე გაასწრო თავის გამოცდილ მოძღვარს. განსაკუთრებული ღვთისმოშიშებისა და ფიცხელი მოღვაწეობისათვის წმიდა სვიმეონმა ღვთისგან კურნების ნიჭი მიიღო.

ამის შემდეგ სვიმეონმა უფრო მაღალ სვეტზე ასვლა გადაწყვიტა. მასთან მივიდნენ ანტიოქიისა და სელევკიის ეპისკოპოსები, დიაკვნად ხელი დაასხეს და უფლება მისცეს 40 საფეხურიან სვეტზე ასულიყო, სადაც 8 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა.

იოანეს გარდაცვალების შემდეგ წმიდა სვიმეონმა ასეთი ცხოვრების წესი დაუდგინა თავის თავს: მზის ამოსვლიდან მეცხრე ჟამამდე ლოცულობდა, შემდეგ მზის ჩასვლამდე კითხულობდა წიგნებს და წერდა, ღამეს ლოცვაში ათევდა, მცირეოდენი შესვენების შემდეგ კი კვლავ იწყებდა ლოცვას.

ღირსი სვიმეონი ღვთის მინიშნებით გადავიდა საკვირველ მთაზე, მონასტერში კი საძმოს წინამძღვრად, გამოცდილი ბერი დატოვა. საკვირველ მთაზე ასულ წმიდანს კლდის ქიმზე მდგარი უფალი გამოეცხადა. სვიმეონმა მოღვაწეობა ამ გამოცხადების ადგილზე დაიწყო: ჯერ ქვაზე იდგა, შემდეგ კი ამ ადგილას აგებულ სვეტზე ავიდა.

ღირს სვიმეონს უფლისგან წინასწარჭვრეტის ნიჭი მიემადლა. მან იწინასწარმეტყველა ანტიოქიის მთავარეპისკოპოსის, ეფრემის გარდაცვალება და ეპისკოპოს დომნას ავადმყოფობა. ღირსმა სვიმეონმა წინასწარ განჭვრიტა მიწისძვრა ანტიოქიაში და ქალაქის მოსახლეობას სინანულისკენ მოუწოდა. წმიდანის მიერ განკურნებულმა ქრისტიანებმა საკვირველ მთაზე ტაძარი ააშენეს. სვიმეონმა აქ დაარსა მონასტერი, სადაც მისი ლოცვით სასწაულები აღესრულებოდა. 560 წელს 39 წლის მოღვაწეს სელევსკის ეპისკოპოსმა დიონისემ მღვდლად დაასხა ხელი.

წმიდა სვიმეონის სულიერი შვილი იყო ღირსი იოანე ზედაზნელი. სწორედ მისი კურთხევით ჩამოვიდა საქართველოში 13 ასურელი მამა (ხს. 7 მაისს). 75 წლის წმიდანს უფლისგან ეუწყა ხორცთაგან გასვლის მოახლოება. მან უკანასკნელად დამოძღვრა თავისი სულიერი შვილები და მშვიდობით მიისვენა 596 წელს. წმიდა სვიმეონმა სვეტზე 68 წელი გაატარა.