| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მიქაელ აღმსარებელი, სინადელი ეპისკოპოსი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მიქაელ აღმსარებელი, სინადელი ეპისკოპოსი ბავშვობიდან მიესწრაფვოდა მონასტრულ ცხოვრებას. ის წმიდა პატრიარქმა ტარასიმ (784-806 წწ.) გაგზავნა შავი ზღვის ნაპირზე მდებარე მონასტერში. მასთან ერთად მონასტერში მივიდა წმიდა თეოფილაქტე (ხს. 8 მარტს), ნიკომიდიის მომავალი მღვდელმთავარი. პატრიარქმა ტარასიმ წმიდა მიქაელს ხელი დაასხა ქალაქ სინადის ეპისკოპოსად. 787 წელს წმიდა მიქაელი ესწრებოდა VII მსოფლიო საეკლესიო კრებას. ხატმბრძოლმა იმპერატორმა ლეონ სომეხმა (813-820 წწ.) კათედრებიდან განდევნა მართლმადიდებელი მღვდელმთავრები და მათ ადგილზე დაადგინა თავისი თანამოაზრე მწვალებლები. ლეონ სომეხმა წმიდა ეპისკოპოსის დასჯა გადაწყვიტა, მან კი განაცხადა: „თაყვანს ვცემ წმიდა ხატებს მაცხოვრისა ჩემისა იესო ქრისტესი და დედისა მისისა, ყოვლადწმიდა ქალწულისა და ყოველთა წმიდათა. ვერ აღვასრულებ შენს ბრძანებას, ვერ გავასვენებ ტაძრიდან წმიდა ხატებს“. ლეონ სომეხმა წმიდა მიქაელი ევდოკიაში გადაასახლა, სადაც აღესრულა 821 წელს (სხვა ცნობით კი - დაახლოებით 820 წელს). წმიდა მიქაელის თავის ქალა ინახება ათონის წმიდა ათანასეს ლავრაში, წმიდა ნაწილები კი - ივერთა მონასტერში. |