| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი დამიანე, მეფე-ყოფილი დემეტრე
#წმინდათა ცხოვრება ღირსი დამიანე, მეფე-ყოფილი დემეტრე, „შენ ხარ ვენახის“ მთქმელი იყო ძე წმიდისა კეთილმსახურისა მეფისა დავით აღმაშენებლისა (ხს. 26 იანვარს). წმიდა დავით მეფემ სიცოცხლეშივე დასვა ტახტზე წმიდა დემეტრე, „დაადგა გვირგვინი მისითა ხელითა“ და „შეარტყა წელთა ძლიერთა მახვილი“. ჯერ კიდევ აღმაშენებლის მეფობისას მოიხვეჭა დემეტრემ სახელი და დიდება: 1117 წელს დავითმა იგი შირვანს გაგზავნა სალაშქროდ. ახალგაზრდა სარდალმა „ქმნა ომნი და ბრძოლანი, რომელ ყოველნი მხედარნი მისნი განაკვირვნა“, აიღო ქალაძორის ციხე და უამრავი ტყვითა და ალაფით დაბრუნდა ძლევამოსილი. დემეტრე მხნედ შეუდგა მემკვიდრეობისა და საქართველოს საზღვრების დაცვას, თანაც ცდილობდა გაეფართოებინა სამეფო. დემეტრეს მეფობის დროს აღორძინდა ჰერეთი, სომხითი, ტაშირი, ჯავახეთი, არტაანი და ტაო, რომელნიც, მას შემდეგ რაც აღმაშენებელმა თბილისი აიღო და ჰერეთ-კახეთი შემოიერთა, თითქმის უკაცრიელი იყო. ძლევამოსილი დემეტრე ვერ გადაურჩა ბოროტის მანქანებას: დავითიანთა კეთილ ძირს მიმსგავსებული, ღვთივდანერგული და ცხებული მეფე შეთქმულებებისა და ღალატის მსხვერპლი შეიქმნა. ჯერ დიდგვაროვნები აუმხედრდნენ, რომლებსაც ტახტზე მისი ნახევარძმის, ვახტანგის (ცუატას) დასმა უნდოდათ. შეთქმულების მეთაური ივანე აბულეთის ძე იყო. დემეტრემ სწრაფად ჩაახშო ერთიანი საქართველოს ძლიერების საწინააღმდეგოდ მიმართული ამბოხება. შემდეგ საკუთარი ძე - დავითი აუმხედრდა მამას. საყვარელი შვილის საქციელით გულგატეხილმა კეთილმსახურმა მეფემ უკეთ დაინახა ამ სოფლის ამაოება, ბერად აღიკვეცა დამიანეს სახელით და დავით გარეჯის უდაბნოში დაეყუდა, სამეფო ტახტი კი დავითს დაუთმო. დავითმა მხოლოდ 6 თვეს იმეფა და გარდაიცვალა. სამეფოს ინტერესების დასაცავად დემეტრე ენერგიულად ჩაერია სახელმწიფო საქმეებში, კვლავ ავიდა ტახტზე და თანამმართველად ძე თვისი გიორგი გამოაცხდა. დავით გარეჯის უდაბნოში აღკვეცილმა მეფემ შთამომავლობას ჰიმნოგრაფიის შესანიშნავი ნიმუშები დაუტოვა. ჩვენამდე მოღწეული იამბიკოებიდან განსაკუთრებით ცნობილია შესხმა ღვთისმშობლისა - „შენ ხარ ვენახი“. ანტონ კათოლიკოსის თქმით, დემეტრე იყო „გამომთქმელი სტიხთა მაღალ შაირთა, რომელნიც დღესაც ჩანან აღწერილად“. იოანე ბატონიშვილი კი წერს, რომ ის იყო მშვენიერი რიტორი, პიიტიკოსი და შემთხზველი უცხოთ შაირთა, რომელმანაც მრავალი სწავლანი გამოთქვა. დემეტრეს ფრესკა დავით გარეჯის მონასტრის კედელზეც ყოფილა გამოხატული ჯერ კიდევ გასულ საუკუნემდე, შემდეგ კი დრო-ჟამს იავარურყვია იგი. კეთილმსახური მეფის ფრესკა მაცხვარიშისა (ლატალი) ეკლესიის მხატვრობამ შემოგვინახა. ღრმა სულიერებისა და ქრისტიანული რწმენის მქონე დემეტრემ დაასრულა და აკურთხა დიდი დავითის მიერ დაწყებული გელათის ტაძარი. ბელტის ციხეში გარდაცვლილი მეფე-ყოფილი წმიდა დამიანე (1157) გელათის მონასტერში დაასაფლავეს. |