| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მოწამე ბასილისკო
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოწამე ბასილისკო წმიდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის (ხს. 17 თებერვალს) ძმისწული იყო და იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311 წწ.) დროს ძმებთან, ევტროპისა და კლეონიკესთან ერთად აღესრულა ქრისტესთვის. წმიდა მოწამე კლეონიკე და ევტროპი ჯვარზე გააკრეს (ხს. 3 მარტს), მოწამე ბასილისკო კი კომანში (დასავლეთ საქართველო) გადაასახლეს. საპყრობილეში მყოფ ბასილისკოს უფალმა დახმარება აღუთქვა და აუწყა, რომ მოწამეობრივად აღესრულებოდა. წმიდანმა დილეგის მცველებს სთხოვა, მშობლიურ სოფელში გაეშვათ ოჯახთან გამოსამშვიდობებლად. დარაჯებმა, რომლებიც პატივს სცემდნენ წმიდანს მის მიერ აღსრულებული სასწაულებისა და ღვთივსათნო ცხოვრებისათვის, შეუსრულეს მას თხოვნა. როცა აგრიპამ ეს ამბავი გაიგო, განრისხდა და მკაცრად დასაჯა დარაჯები. საპყრობილეში დაბრუნებულ ბასილისკოს მძიმე ბორკილები დაადეს, ფეხზე კი ლურსმნებგაჩრილი რკინის ჩექმები ჩააცვეს და კომანში გაგზავნეს. კომანში ჩასული პაპანაქებისაგან შეწუხებული მცველები ერთ სახლში შევიდნენ დასასვენებლად, მშიერ-მწყურვალი წმიდანი კი მცხუნვარე მზის ქვეშ ხეზე მიაბეს. წმიდანი მხურვალედ ევედრებოდა უფალს. მოულოდნელად ზეციდან გაისმა ხმა: „ნუ გეშინიან, მე შენთანა ვარ“. მიწა იძრა, კლდე გაიპო და წყარომ ამოხეთქა. მიწისძვრით შეშინებული მაგისტროსი, მცველები და ოჯახის დიასახლისი ტროიანა გარეთ გამოცვივდნენ და მომხდარი სასწაულით გაოცებულებმა წმიდანი გაათავისუფლეს. წმიდანთან სოფლის მცხოვრებლები მოდიოდნენ და კურნებას იღებდნენ. ბოლოს წმიდანი მმართველს მიჰგვარეს. მან კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა წმიდა ბასილისკოს. მოწამემ უპასუხა: „მე ყოველ ჟამს ვსწირავ უფალს სადიდებელ და სამადლობელ მსხვერპლს“. წმიდანი სამსხვერპლოსთან მიიყვანეს. მოულოდნელად ციდან ცეცხლი გარდამოხდა, სამსხვერპლო დაწვა, კერპები კი მტვრად აქცია. მმართველის ბრძანებით წმიდანს თავი მოჰკვეთეს, გვამი კი გადააგდეს. წმიდა ბასილისკო აღესრულა 308 წელს. ქრისტიანებმა გამოისყიდეს მისი წმიდა ნაწილები და პატივით დაფლეს. მალე აქ გაშენდა წმიდა ბასილისკოს სახელობის ტაძარი. კომანში გადმოსახლებულ წმიდა იოანე ოქროპირს (ხს. 13 ნოემბერს) სიკვდილის წინ გამოეცხადა წმიდა ბასილისკო და აუწყა: „ხვალ ჩემთან იქნები“. წმიდა მოწამე ბასილისკოს მოღვაწეობა ხალხს მისი წამების თვითმხილველმა, წმიდა ევსეგნიოსმა (ხს. 5 აგვისტოს) აცნობა. |