მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა დიდი მეფენი, მოციქულთასწორნი კონსტანტინე და ელენე
#წმინდათა ცხოვრება

კეისარ კონსტანციუს ქლორუსის (305-306 წწ.) ვაჟმა, კონსტანტინემ ეკლესიიდან მიიღო მოციქულთასწორის წოდება, მსოფლიო ისტორიაში კი - კონსტანტინე დიდი ეწოდა.

იმ დროს რომის იმპერია ორ - დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილად იყო გაყოფილი. მათ სათავეში ედგა ორი დამოუკიდებელი იმპერატორი, რომელთაც თანამმართველებიც ჰყავდათ. ერთ-ერთი ასეთი თანამმართველი დასავლეთის იმპერატორისა იყო კონსტანტინეს მამა. წმიდანის დედა-წმიდა ელენე ქრისტიანი იყო. რომის მომავალი იმპერატორი კონსტანტინე ქრისტიანობისადმი პატივისცემით იზრდებოდა. კონსტანციუს ქლორუსი არ დევნიდა ქრისტიანებს მაშინ, როდესაც მისი თანამედროვე ხელისუფალნი: დიოკლიტიანე, მაქსიმიანე გალერიუსი, მაქსიმიანე ჰერკულესი უსასტიკესად უსწორდებოდნენ მაცხოვრის სწავლების მიმდევართ. მამის გარდაცვალების შემდეგ კონსტანტინე აირჩიეს გალიისა და ბრიტანეთის იმპერატორად. ახალმა იმპერატორმა უპირველეს ყოვლისა, აღმსარებლობის თავისუფლება მიანიჭა ქრისტიანებს. ფანატიკოსმა წარმართმა მაქსიმიანე გალერიუსმა და მკაცრმა ტირანმა მაქსენციუსმა მოიძულეს იმპერატორი და აღდგნენ მის წინააღმდეგ, მაგრამ წმიდა კონსტანტინემ ღვთის შემწეობით დაამარცხა მოწინააღმდეგეები. წმიდანი უფალს ევედრებოდა, ზეცით მიეცა ნიშანი, რომელიც მის მომხრეებს გაამხნევებდა ბრძოლის წინ. მართლაც, ცაზე გამოჩნდა მოელვარე ჯვარი წარწერით: „ამით სძლევ“. რომის იმპერიის დასავლეთის ერთპიროვნულ მმართველად გახდომის შემდეგ, 313 წელს იმპერატორმა მილანში გამოსცა ედიქტი რწმენის შემწყნარებლობის შესახებ, 323 წელს კი როცა სრულიად რომის იმპერატორი გახდა, მილანის ედიქტი გაავრცელა მთელს იმპერიაში. 300 წლიანი დევნის შემდეგ იმპერიაში ქრისტიანებს საშუალება მიეცათ თავისუფლად ეღიარებინათ სარწმუნოება.

წარმართებისგან განდგომის შემდეგ წმიდა კონსტანტინემ დედაქალაქი გადაიტანა ბიზანტიაში, რომელსაც შემდეგ კონსტანტინოპოლი ეწოდა. წმიდა კონსტანტინე ღრმად იყო დარწმუნებული, რომ უზარმაზარ იმპერიას მხოლოდ ქრისტიანული სარწმუნოება გააერთიანებდა. ყოველნაირად ეხმარებოდა ეკლესიას, აშენებდა ტაძრებს, ზრუნავდა სამღვდელოებაზე, იმპერატორს სურვილი ჰქონდა მოეძებნა ცხოველმყოფელი ჯვარი, რომელზეც გაკრული იყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მან იერუსალიმში გაგზავნა თავისი დედა, წმიდა ელენე დედოფალი სამღვდელოებასთან და თანაშემწეებთან ერთად. იერუსალიმის პატრიარქ მაკარისთან ერთად წმიდა ელენე შეუდგა ჯვრის ძებნას და ღვთის განგებულებით, აღმოაჩინა კიდეც სასწაულებრივად 326 წელს. პალესტინაში ყოფნისას წმიდა ელენემ ბრძანა, მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ქალწულის მიწიერი ცხოვრების ადგილები გაეწმინდათ და აეგოთ ტაძრები. მაცხოვრის საფლავზე წმიდა კონსტანტინეს ბრძანებით ააგეს დიდებული ტაძარი უფლის აღდგომის სახელობისა. წმიდა ელენემ ცხოველმყოფელი ჯვარი შესანახად გადასცა პატრიარქ მაკარის, ნაწილი კი წაასვენა კონსტანტინოპოლში, იმპერატორთან. დედაქალაქში დაბრუნებული დედოფალი 327 წელს აღესრულა.

ეკლესიის წინაშე უდიდესი დამსახურებისა და ცხოველმყოფელი ჯვრის აღმოცენისათვის წმიდა ელენე დედოფალს მოციქულთასწორი ეწოდა.

ქრისტიანული ეკლესიის მშვიდობა დაარღვია მწვალებლობამ, რომელიც ეკლესიის შიგნით გაჩნდა. ჯერ კიდევ იმპერატორი მოღვაწეობის დასაწყისში დასავლეთში გაჩნდა დონატისტთა და ნოვაცისტთა ერესი, რომელიც მოითხოვდა დევნის დროს განდევნილ ქრისტიანთა მეორედ მონათვლას. ორი ადგილობრივი კრების მიერ უარყოფილი ეს ერესი საბოლოოდ დაგმო 316 წლის მილანის კრებამ. ეკლესიის ცხოვრება განსაკუთრებით შეარყია იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნების უარმყოფელმა არიოზის ერესმა. იმპერატორის ბრძანებით 325 წელს ქალაქ ნიკეაში ჩატარდა I მსოფლიო საეკლესიო კრება. მას 318 ეპისკოპოსი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ აღმსარებლები, ეკლესიის მნათობნი, რომლებმაც უსასტიკესი დევნა დაითმინეს. კრებას თვით იმპერატორიც ესწრებოდა. არიოზის ერესი დაგმეს და შეადგინეს რწმენის სიმბოლო, რომელშიც შეტანილი იქნა ტერმინი „ერთარსი მამისა“.

ნიკეის კრების შემდეგ მოციქულთასწორმა კონსტანტინემ გააგრძელა მოღვაწეობა ეკლესიის სასარგებლოდ. სიცოცხლის ბოლოს იმპერატორმა ნათელი იღო. იგი გარდაიცვალა სულთმოფენობის დღეს, 337 წელს, დასაფლავებულია წმიდა მოციქულთა სახელობის ტაძარში.