| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მოწამენი: თალალე, ალექსანდრე და ასტერი
#წმინდათა ცხოვრება ნუმერიანეს (283-284 წწ.) მეფობის დროს ქალაქ ეგეს მთავარმა მეომრები დაგზავნა ქრისტიანთა მოსაძებნად. მასთან მიიყვანეს 18 წის თალალე. დაკითხვაზე ჭაბუკმა თქვა: „მე ვარ ქრისტიანი, ლიბანელი. მამაჩემი -ბერუთი მხედართმთავარი იყო, დედას რომელეა ჰქვია. მყავს იპოდიაკონი ძმა. მე ექიმობა შევისწავლე მკურნალ მაკარისგან. ტიბერიუსის დროს ერთხელ უკვე შემიპყრეს ქრისტეს აღსარებისათვის, მაგრამ გადავურჩი დასჯას. აწ ჰქმენით ჩემ ზედა რაცა გსურთ. მე მზად ვარ სიხარულით დავითმინო სიკვდილი სახელისათვის უფლისა ჩემისა იესო ქრისტესი“. განრისხებულმა მთავარმა ორ ჯალათს - ალექსანდრეს და ასტერს უბრძანა კიდურები გაეხვრიტათ მოწამისათვის და ხეზე ჩამოეკიდათ. ღვთის განგებით, ჯალათებმა შეიბრალეს ახალგაზრდა თალალე, ბრძანების შესრულებაზე უარი თქვეს და თავი ქრისტიანებად გამოაცხადეს. მთავარმა მათთვის თავის მოკვეთა ბრძანა, წმიდა თალალე კი ზღვაში ჩააგდეს. სასჯელის აღსრულების შემდეგ, ყველასათვის მოულოდნელად, მთავრისა და მსახურების წინაშე კვლავ წარდგა ბრწყინვალე სამოსელში შემოსილი წმიდა თალალე. ერთ-ერთმა დიდებულმა, მოგვმა ურვიკიანემ მთავარს ურჩია, მხეცებისათვის მიეგდო წმიდანი, მაგრამ არც მძვინვარე დათვმა, არც მშიერმა ლომმა პირი არ დააკარა მას. ნანახით გაოგნებული ხალხი ხმამაღლა გაიძახოდა: „დიდია ღმერთი ქრისტიანეთა, უფალო თალალესო, შეგვიწყალენ ჩვენ!“ წმიდა თალალე მთავრის ბრძანებით მახვილით განგმირეს. მოწამის წმიდა ნაწილები კონსტანტინოპოლის აღათონიკეს ტაძარშია დასვენებული და მრავალ სასწაულს აღასრულებს. წმიდა თალალე ეკლესიის მიერ შერაცხილია უვერცხლო მკურნალად. მას მიმართავენ ლოცვით ზეთის კურთხევისა და აიაზმის (წყლის კურთხევის) დროს. |