მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი ზაბულონი და სოსანა, წმიდა მოციქულთასწორი ნინოს მშობლები (IV)
#წმინდათა ცხოვრება

საეკლესიო გადმოცემის თანახმად, წმიდა ნინო (ხს.14 იანვარს და 19 მაისს) და წმიდა გიორგი (ხს. 10 ნოემბერს და 23 აპრილს) ნათესავები იყვნენ. წმიდა გიორგის წამების დროს რომში ჩავიდა „კაცი ვინმე მთავართა შესაბამი, მონა თვისა სახელად ზაბულონი“. ზაბულონმა მეფის არმიაში დაიწყო სამსახური და მალე გაითქვა სახელი, როგორც ნიჭიერმა მხედარმა და უბადლო მეომარმა. ფრანგებთან ბრძოლის დროს „მოსცა უფალმან ძალი ზაბულონს“, შეიპყრო ფრანგთა მეფე და მთავარნი და რომაელთა მეფეს მიჰგვარა. მეფემ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ტყვეებს.

სიკვდილის წინ ტყვეებმა ქრისტიანული ნათლისღება ითხოვეს. ზაბულონმა მეფესა და პატრიარქს აუწყა ყოველი. სიკვდილმისჯილებს „მისცეს ნათელი ქვეშე ზაბულონისსა“. წმიდა ზაბულონმა თავისი ნათლულების შეწყალება ითხოვა და მეფემაც მიჰმადლა მას მისი სულიერი შვილების სიცოცხლე.

წმიდა ზაბულონის ღვაწლით მთელი საფრანგეთი ეზიარა ქრისტეს წმიდა ნათელს. IX საუკუნის უცნობი ქართველი ჰიმნოგრაფი წმიდა ნინოს შესახებ წერს: „ზაბულონ მამამან მისმან ფრანგნი უკუე მოაქცივნა მახვილითა, ხოლო ნეტარმან ნინომ მოაქცივნა ქართველნი, ჯვრითა ცხოველითა“.

წმიდა ზაბულონი იერუსალიმში წავიდა წმიდა ადგილების მოსალოცად. იქ მან მთელი მონაგები გლახაკებს დაურიგა და იერუსალიმის პატრიარქ იუბენალთან დაიწყო მსახურება. პატრიარქმა ფრანგთა „მამასა და ემბაზსა“, „ღვთისმოშიშებითა და სიბრძნით სრულ“ ზაბულონს თავისი და, სოსანა მიათხოვა. წმიდა ზაბულონი და სოსანა კაბადოკიაში წავიდნენ. აქ მათ შეეძინათ ქალიშვილი ნინო, რომელიც დედასთან, სოსანასთან, იზრდებოდა. „მსახურებასა შინა გლახაკთასა“. როდესაც ნინო 12 წლისა შეიქმნა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში წავიდნენ. ზაბულონმა პატრიარქ იუბენალისაგან აიღო კურთხევა და უდაბნოში წავიდა სამოღვაწეოდ, „სადა ყოფა მისი უწყის ღმერთმან“. წმიდა სოსანა - „დედა იგი წმიდა ნინოსი მისცა პატრიარქმან მსახურად გლახაკთა დედათა და უძლურთა“. ცნობა წმიდა ნინოს მშობლების შესახებ მხოლოდ ქართულმა წყაროებმა შემოგვინახა.

1996 წლის 10 (23) დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის კრებაზე მიღებულ იქნა განჩინება:

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა ამინ!

ქართველი ერის განმანათლებლის, წმიდა ნინოს მშობლები, ზაბულონ და სოსანა, ოდეს მძლავრობდა წარმართთა სარწმუნოება და მრავალნი ეწამნენ ქრისტესათვის, იყვნენ დაუფარავი აღმსარებელნი ჭეშმარიტი ღმერთისა და ნათლისმცემელ მრავალთა, შემდგომ კი, დაუტევეს რა ყოველი მონაგები, შეუდგნენ ღმერთსა, ზაბულონ-უდაბნოსა, ხოლო სოსანა-გლახაკთა მსახურებასა შინა.

საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი განაჩინებს, რათა წმიდა ნინოს მშობლები მოციქულთასწორის აღზრდისათვის და ღვთივსათნო მოსაგრე ცხოვრებისათვის შერაცხილ იქნენ წმიდათა დასში და ეწოდოთ: ზაბულონს-ღირსი მამა ზაბულონი და სოსანას-ღირსი დედა სოსანა.“