| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა კეთილმსახური დიმიტრი დონელი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა კეთილმსახური დიმიტრი დონელი (1389) 1350 წელს დაიბადა. ადრე დაობლებულ ყრმაზე ზრუნვა წმიდა მიტროპოლიტმა ალექსიმ იტვირთა და ღვთისმოშიშებით აღზარდა ტახტის მემკვიდრე. დიმიტრიმ 1362 წელს მიიღო დიდი მთავრის წოდება და ამ დროიდან მოყოლებული, დაუცხრომლად იღწვოდა რუსული მიწების გაერთიანებისა და თათართა მძლავრობისაგან ქვეყნის განთავისუფლებისათვის. წმიდანი არც ერთ სახელმწიფო გადაწყვეტილებას არ იღებდა ეკლესიის კურთხევის გარეშე. იგი მემატიანეთა ცნობით, ანგელოზებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა, სიწმიდით ატარებდა მარხვის დღეებს, ყოველ კვირა დღეს წმიდა საიდუმლოს ეზიარებოდა. ნეტარმა დიმიტრიმ მრავალი ომი გადაიხადა შინაურ და გარეულ მტრებთან, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის იყო კულიკოვის ბრძოლა 1380 წელს. ბრძოლის წინ წმიდა მთავარი ღირსმა სერგი რადონეჟელმა (ხს. 5 ივლისსა და 25 სექტემბერს) აკურთხა და თან გააყოლა ორი ბერი - ალექსანდრე პერესტევი და სერგეი ოსლიაბია. სასტიკი ომი გაჩაღდა. ზეცაში ცხადად იხილვებოდა ანგელოზთა მხედრობა მთავარანგელოზ მიქაელის წინამძღოლობით, ჩანდა მოწამეთა დასიც და მათ შორის წმიდა მხედრები: გიორგი ძლევაშემოსილი, დიმიტრი თესალონიკელი, ბორისი და გლები... ისინი ცეცხლოვან ისრებს ესროდნენ მტრებს. შემდეგ ნათლის ღრუბელი დაადგა რუსების ლაშქარს, საიდანაც მართლმადიდებელ მეომართა თავზე ბრწყინვალე გვირგვინები გადმოეშვა. თათრებმა სამარცხვინო დამარცხება იგემეს, რითაც საფუძველი შეერყა მათ ბატონობას რუსეთში. ბრძოლის შემდეგ დიმიტრი დონელი ჭრილობებით დასერილი, ცოცხალ-მკვდარ მდგომარეობაში იპოვეს, მაგრამ ცნობამ გამარჯვების შესახებ სასიცოცხლო ძალები დაუბრუნა სულთმობრძავს. ღირსი სერგი რადონეჟელი სულით ჭვრეტდა კულიკოვის ბრძოლის მიმდინარეობას და ყოველი დაღუპული მეომრის სახელი განეცხადებოდა ღვთისაგან. დაწესდა განსაკუთრებული დღეც მათ მოსახსენიებლად - დიმიტრის შაბათი, რომელიც შემდეგ, საერთოდ მიცვალებულ წინაპართა მოსახსენიებელ დღედ იქცა. ხალხმა წმიდა დიმიტრის დონის პირას მოპოვებული დიდი გამარჯვებისთვის „დონელი“ უწოდა. |