მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა იოანე, გუთელი ეპისკოპოსი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა იოანე, გუთელი ეპისკოპოსი სიყრმეშივე აღიკვეცა ბერად. ღირსმა მამამ იერუსალიმის წმიდა ადგილები მოილოცა და სამი წლის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. ამასობაში ხატმბრძოლ იმპერატორს, კონსტანტინე კოპრონიმს (741-775) განედევნა გუთელი ეპისკოპოსი. ქრისტიანები შეევედრნენ წმიდა იოანეს, შესდგომოდა მღვდელმთავრის მძიმე უღელს. წმიდა მამა მწვალებლობისგან დაცულ საქართველოში გამოემგზავრა, სადაც ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. უკან დაბრუნებული ეპისკოპოსი მალე იძულებული გახდა დაეტოვებინა სამწყსო - იგი ხაზართა დევნას გაერიდა და 4 წელი გაატარა ამასტრიდაში. წმიდა იოანემ 40 დღით ადრე იწინასწარმეტყველა საკუთარი სიკვდილი, გარდაიცვალა 790 წელს და დაკრძალეს პართენიტის მონასტერში. მის წმიდა ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულებოდა.