| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირიელი და შვიდი ქალწული
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირიელი და შვიდი ქალწული: ალექსანდრა, ტეკუსა, კლავდია, ფაინა, ევფრასია, მატრონა და იულია ცხოვრობდნენ ქალაქ ანკვირიაში, გალატიის მხარეში და მოწამეობრივად აღესრულნენ IV საუკუნის დასაწყისში. იმპერატორ დიოკლიტიანეს ქრისტიანთა დევნისას ანკვირიაში დანიშნეს სისასტიკით ცნობილი თეოტეკნი. თეოტეკნმა ქრისტიანები გააფრთხილა, რომ კერპებისათვის მსხვერპლი შეეწირათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ წამება და სიკვდილი არ ასცდებოდათ. მრავალმა ქრისტიანმა დატოვა სახლი და ქალაქიდან გაიქცა. დარჩენილებს წარმართები გვემდნენ და ძარცვავდნენ. ქვეყანაში შიმშილობა დაიწყო. ამ დღეებში წმიდა თეოდოტე თავის ოჯახში იფარებდა ქრისტეს აღმსარებლებს, გაძარცულ ეკლესიებს სწირავდა საღვთო ლიტურგიის შესასრულებლად საჭირო ნივთებს. წმიდანი უშიშრად შედიოდა საპყრობილეებში, ეხმარებოდა უდანაშაულოდ დასჯილებს და ამხნევებდა მოსალოდნელი აღსასრულის წინ, მეომრებისაგან გამოსასყიდით გამოხსნილ ქრისტიანთა გვამებს კი პატივით მარხავდა. როცა ანკვირიაში ქრისტიანული ეკლესიები გაძარცვეს და დაკეტეს, საღვთო ლიტურგია წმიდა თეოდოტეს სახლში სრულდებოდა. იმ დროს ქრისტესთვის მოწამეობრივად აღესრულა შვიდი ქალწული. მათგან უფროსი, წმიდა ტეკუსა, წმიდა თეოდოტეს დეიდა იყო. წმიდანებმა: ტეკუსამ, ფაინამ, კლავდიამ, მატრონამ, იულიამ, ალექსანდრამ და ევფრასიამ სიყრმიდანვე უფალს უძღვნეს თავი. თეოტეკნის სამსჯავროზე წარდგენილმა მოწამეებმა უშიშრად აღიარეს ქრისტე. წმიდანებს ქვები გამოაბეს ყელზე და ტბაში ჩაახრჩვეს. მეორე დღეს წმიდა ტეკუსა ძილში გამოეცხადა წმიდა თეოდოტეს და შეევედრა, ტბიდან ამოეღო მათი ცხედრები და ქრისტიანულად დაემარხა. წმიდანმა წაიყვანა მეგობარი პოლიქრონიოსი, სხვა ქრისტიანები და უკუნ ღამეში ტბისკენ გაემართნენ. ამ დროს ტბის ნაპირზე მყოფ დარაჯებს გამოეცხადა წმიდა მოწამე სისანდრე. შეშინებული დარაჯები გაიქცნენ. ქრისტიანებმა მოწამეთა ცხედრები ეკლესიის ეზოში დამარხეს. როცა მმართველმა წმიდათა ცხედრების პატივით დაფლვის შესახებ შეიტყო, განრისხდა და ბრძანა, ყველა ქრისტიანი შეეპყროთ და ეწამებინათ. სხვებთან ერთად პოლიქრონიოსიც დაიჭირეს. მან წამებას ვერ გაუძლო და განაცხადა, რომ ყველაფრის მიზეზი წმიდა თეოდოტე იყო. წმიდანი სასამართლოზე წარადგინეს. მას წამების იარაღები აჩვენეს, თან დიდ პატივს და სიმდიდრეს დაჰპირდნენ ქრისტეს უარყოფისათვის. წმიდა თეოდოტემ ადიდა იესო ქრისტე და აღიარა იგი ღმერთად და მაცხოვრად. გამძვინვარებულმა წარმართებმა გააგრძელეს წმიდანის ტანჯვა, მაგრამ ღვთის ძალამ დაიფარა იგი და ცოცხლად გადარჩა. წმიდა მოწამე დილეგში ჩააგდეს. მეორე დღეს მმართველმა კვლავ განაგრძო მისი წამება, მაგრამ მიხვდა, რომ ვერას გახდებოდა და თავის მოკვეთა ბრძანა. სასჯელი აღსრულდა, მაგრამ ამოვარდნილმა გრიგალმა მეომრებს წმიდანის ცხედრის დაწვის საშუალება არ მისცა. ღვთის ნებით, ამ ადგილას გაიარა მღვდელმა ფრონტონმა და წმიდა თეოდოტე პატივით დაკრძალა. მოგვიანებით წმიდანის საფლავზე ეკლესია აშენდა. წმიდა თეოდოტე აღესრულა 303 ან 304 წელს. წმიდანის ცხოვრება და მოწამებრივი აღსასრული, აგრეთვე წმიდა ქალწულთა ვნებანი აღწერა წმიდა თეოდოტეს თანამოღვაწემ ნილოსმა, რომელიც ქრისტიანთა დევნის დროს ცხოვრობდა ანკვირიაში. |