| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდანი ორნი ძმანი - დავითი და ტარიჭანი
#წმინდათა ცხოვრება წმიდანი ორნი ძმანი - დავითი და ტარიჭანი (693) იყვნენ ქრისტიანთა, ვარდანისა და თაგინეს შვილნი, ქართველ მეფეთა ნათესავები. ვარდან ერისთავი დავითისა და ტარიჭანის სიყრმეში გარდაიცვალა. მისი მამული მძლავრებით მიიტაცა თაგინეს წარმართმა ძმამ, თევდოსიმ, თუმცა გულში შიშიც ჰქონდა, ყრმები გაიზრდებიან და ძალით მიტაცებულს უკან წამართმევენო, ამიტომ გადაწყვიტა, და და დისწულები უსჯულოებისგან მოედრიკა: „დაუტევეთ შჯული ეგე ჯუარცმულისა და იპყრით შჯული ჩემი შენ და შვილთა შენთა და იყვნენ ყრმანი ეგე შვილად ჩემდა და მე გავზარდნე იგინი შუებითა და სიხარულითა დიდითა“. თაგინე მტკიცედ აღუდგა წინ ძმის ბოროტ განზრახვას: „სამკვიდრებელი ესე შვილთა ჩემთაი და ყოველი მონაგები მამისა მათისაი კმა ეყავნ შენდა, ხოლო საფასი იგი გამოუპარველი და სამკვიდრებელი მიუღებელი მამისა მიერ ზეცათაისა და ღმერთისაი ვერ შემიძლოთ“. როდესაც დის შეუპოვრობა იხილა, უკეთურმა თევდოსიმ დედის დაუკითხავად იხმო დისწულნი, ამბორს-უყო მათ, კეთილად ისტუმრა და უთხრა: „თქუენ აწ შვილნი ჩემნი ხართ, დღეს მე ვითარცა მამაი თქუენი და აწ ჩემიცა თქუენი არს. ესე ხოლო ყავთ ჩემდა მომართ და რომელი გრქუან თქუენ, ისმინოთ ჩემი, ვითარცა შვილთა მორჩილთა საყუარელთა. შჯული ეგე, რომელი ეპყრა მამასა თქუენსა განუტევეთ და მე უკეთესი შჯული მოგცე თქუენ“. წმიდა ყრმებმა ცოტაოდენი დუმილის შემდეგ მტკიცედ მიუგეს ბიძას: „ჩუენდა კმა-არს შჯული იგი, რომელი ეპყრა მამასა ჩუენსა და ვჰგიეთ მას, ვიდრე სული ესე იყოს - ღა ორთა შინა ჩუენთა. ხოლო სიყუარულისათვის და მოთმინებისა ღმრთისა სხუად თვინიერ შჯულისა დატევებისა, განმზადებულ ვართ, ვითარცა მამისა ჩუენისა“. განრისხებულმა თევდოსიმ ქრისტიანების შიშით ვერ გაბედა ყრმათა მოკვლა, გულში კი მათი მალულად მოკვდინება გადაწყვიტა. თაგინემ იგრძნო მოსალოდნელი უბედურება და შვილებთან ერთად ტაოში გადავიდა, ნათესავთან. თევდოსის მრისხანება და სიძულვილი უღრღნიდა სულს. მან მსტოვრები გაგზავნა, გაიგო, რომ ძმები მაღალ მთაზე აძოვებდნენ ცხვარს, წამოიყვანა მეომრები და ტყეში ჩაუსაფრდა წმიდანებს. მთის წვერზე მოთამაშე ძმებმა ხმაური გაიგონეს, შემდგომ შეიარაღებული მეომრები იხილეს და შიშის ზარი დაეცათ. ნეტარმა დავითმა ბიძა იცნო და სიხარულით გაექანა მისკენ. უკეთურმა თევდოსიმ ამბორისყოფის წილ მახვილი უგმირა დისწულს და მოკლა. „ჰოვა მან მსწრაფლ გზა ზეცისაი და მოიგო გვირგვინი იგი მოწამებისა“. წმიდა მოწამის ხელიდან გავარდნილი კომბალი მიწაზე დაეცა და უზარმაზარ ხედ იქცა. 200 წლის შემდეგ მლოცველებმა ის ხე წმიდა ნაწილებად დაინაწილეს. ტარიჭანმა ძმის უმოწყალო სიკვდილი იხილა და გაიქცა სოფლისაკენ, რომელსაც დივრი ერქვა. როდესაც დივრის მთავარმა დაინახა სოფლისკენ საჭურვლითა და აღმართული მახვილებით მომავალი მეომრები, იფიქრა, მტერი შემოგვესიაო და საბრძოლველად მოემზადა. მდევრები მიეწივნენ წმიდა ტარიჭანს, მოკლეს და უკან დაბრუნდნენ. დივრელები მივიდნენ იმ ადგილას, საიდანაც მეომრები უკუიქცნენ და იხილეს სულთმობრძავი ყრმა, რომელიც სისხლისაგან იცლებოდა. ტარიჭანის მკვლელები დაბრუნდნენ მთაზე და იხილეს დაბრმავებული თევდოსი. მეომრები გაკვირვებამ შეიპყრო. ვერც ხმა ამოიღეს და ვერც ის ადგილი დატოვეს, სადაც ეს სასწაული და სასჯელი აღსრულდა. თევდოსი ღვთის სასჯელმა მოაქცია, სინანულით აღივსო და მწარედ აქვითინდა: „არა უჯეროა ვქმენი, რამეთუ მოვწყვიდენი დისწულნი ჩემნი“. თაგინემ ტირილითა და გოდებით მრისხანედ ამხილა ძმა: „რად მიმიხუენ ნათელნი თვალთა ჩემთანი? არა კმა-იყო გლოვად ჩემდა სიქრმე ესე ჩემი? არა კმა გეყოა სამკვიდრებელი შვილთა ჩემთა და ყოფაი ჩემი წყუდიადსა ამას ქვეყანისასა? ვერ კმა-გეყოა სამკვიდრებელი ქმრისა ჩემისაი? რად დამიბნელე მზე ჩემი ჟამსა ოდენ პირველსა დღისასა? ვიდრემდის არა დასცხერი დევნად ჩემდა? არღარა მოიხსენე საშოი იგი მშობელისა შენისა და ჩემისაი და ძუძუნი იგი, რომელთა გამოუზარდნეს შენ და მე? რად დამივსენ სანთელნი ესე ჩემნი, ჰოი უშჯულოვო?“ ხალხი მდუმარედ უსმენდა გულმკვდარ დედას და ცხარე ცრემლებით დასტიროდა უმანკო ყრმებს. სხვებთან ერთად მწარედ ტიროდა თევდოსიც. როდესაც დედა შვილების ცხედრებს მიეფერა, თევდოსიმ თაგინეს უთხრა: „შენ ნათელი გამოგიბრწყინდა მიუწვდომელი ნათლისა მისგან წარუვალისა და ჭეშმარიტისა მისგან დაუსრულებლისა ნათლისა... ევედრე შენ წმიდათა მოწამეთა, რაითა ჰყონ ჩემთვის წყალობა, რაითა არა ღირსი ესე ვიქმნე ღირს ბეჭედსა მას ქრისტეს მოწყალისა ღმრთისასა, რომელი იგი მოვიდა ცოდვილთათვის. მრწამს მე ჭეშმარიტი ღმერთი.“ ამ სიტყვებზე თაგინე გონს მოეგო, მიხვდა, რომ ღმერთმა შეიწირა „მშუენიერნი საკურთხნი“, შვილნი მისნი, სიხარულით აღივსო, განიძარცვა მწუხარება, გლოვა ლხენად შეეცვალა და ძმას უთხრა: „იყავნ ღმერთი მიმტევებელ შენდა და ნუ შეგირაცხოს შენ უფალმან მოწყალემან სიკუდილი შვილთა ჩემთა და დისწულთა შენთა, ვითარცა იგი ოდესმე პავლეს დისწული მისი სტეფანე პირველდიაკონი და პირველმოწამე“, შემდეგ უფალს შეევედრა, კურნება მიენიჭებინა თევდოსისათვის, აიღო წმიდა დავითის სისხლით შესვრილი მიწა, თვალებზე სცხო ძმას და მყის აღეხილნენ თვალნი. ხალხი გაოგნებული შეჰყურებდა წმიდა მოწამე დავითის ცხედართან ქმნილ მეორე სასწაულს. კაცთმოყვარე ღმერთმა ჯერ იჩინა ყველასათვის ეუწყებინა ძმათა სიწმიდე და მოწამეობა. ღამით მათ ცხედრებს ნათელი დაადგა. თევდოსიმ შენდობა სთხოვა კათოლიკოსს და მიიღო ქრისტესმიერი ბეჭედი, ირწმუნა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ყოვლითა გულითა თვისითა და აღაშენა ეკლესია წმიდა დავითის სახელზე. დივრის მთავარმა წაასვენა წმიდა ტარიჭანის ნაწილები და აღაშენა ტაძარი მისი სახელობისა. ნეტარი თაგინე სოფელ ტაძარანში წავიდა და იქ აღესრულა. |