მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე სოლოქონი, პამფამირე და პამფალონ მხედრები
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე სოლოქონი, პამფამირე და პამფალონ მხედრები. წმიდა სოლოქონი წარმოშობით ეგვიპტელი იყო, იგი ქრისტესთვის ივნო 284-305 წლებში, იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305 წწ; 307-310 წწ.) დროს. მასთან ერთად მოწამეობრივად აღესრულნენ პამფამირე და პამფალონი. ისინი იმპერატორის არმიაში მსახურობდნენ, ტრიბუნ კამპანის პოლკში. ქრისტიანთა დევნის დროს კამპანის პოლკი ქალაქ ქალკედონში გაგზავნეს და ყველა მხედარს მსხვერპლშეწირვის წესის შესრულება მოსთხოვეს. სოლოქონმა, პამფამირემ და პამფალონმა უარი განაცხადეს წარმართული კერპების თაყვანისცემაზე და აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი, უფალი იესო ქრისტე. კამპანის ბრძანებით, ისინი სასტიკად აწამეს. წმიდა პარფამირე და პამფალონი წამების დროს გარდაიცვალნენ. განრისხებულმა ტრიბუნმა ბრძანა, ხმლით გაეხსნათ პირი ცოცხლად გადარჩენილი წმიდა სოლოქონისათვის და ნაკერპავი სისხლი ჩაესხათ. წმიდანმა კი ისე მოუჭირა ხმალს კბილები, რომ გაღუნა. მან ბორკილები დაამსხვრია და კვლავ ადიდა უფალი. ხანგრძლივი წამების შემდეგ წმიდანი ცალი ხელით დაკიდეს, ფეხზე კი მძიმე ქვა ჩამოკიდეს. სამი საათი ეკიდა წმიდანი ასეთ მდგომარეობაში, შემდეგ კი თოკი გადაჭრეს. წმიდა სოლოქონი საღ-სალამათი წამოდგა ფეხზე. მრისხანებისაგან გონდაკარგულმა კამპანიმ წმიდა მოწამეს თავში კვერთხი ჩაარტყა. წმიდა სოლოქონი უგონოდ დაეცა, კამპანი და მხედრები კი სასახლეში წავიდნენ. ქრისტიანებმა მოწამე ერთი ღვთისმოსავი ქვრივის სახლში წაიყვანეს, სადაც სული მოითქვა, ქრისტიანებს ესაუბრა სარწმუნოებაზე და გაამხნევა ისინი. შემდეგ წმიდა სოლოქონმა ილოცა და სული განუტევა.