მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი თეოდორე განწმენდილი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი თეოდორე განწმენდილი წარმოშობით ეგვიპტელი იყო და იზრდებოდა მდიდარი და ცნობილი ქრისტიანი მშობლების ოჯახში. მასში ადრევე გაიღვიძა ბერული ცხოვრებისადმი მიდრეკილებამ. 14 წლისა სახლიდან გაიპარა და ერთ-ერთ მონასტერში დასახლდა. როცა ღირსმა მამამ პახუმის დიდი მოღვაწეობის შესახებ შეიტყო, დატოვა მონასტერი და მასთან წავიდა. ღირსმა პახუმმა, რომელსაც წინასწარ გამოეცხადა ყრმის მოსვლა, სიყვარულით მიიღო იგი. სავანეში დარჩენილი თეოდორე მალე შეეგუა მეუდაბნოეთა ცხოვრების წესს. წმიდანის დედამ შეიტყო, რომ მისი ვაჟი ტაბენისის სავანეში იმყოფებოდა, ეპისკოპოსის წერილით მივიდა პახუმ დიდთან და შვილთან შეხვედრა სთხოვა. თეოდორემ უარი განაცხადა დედის ნახვაზე, რადგან ეშინოდა, რომ დაარღვევდა სოფლის უარყოფის აღთქმას.

ღირსი პახუმი ხედავდა წმიდა თეოდორეს საღმრთო გონიერებას და დაავალა, ძმებისათვის წმიდა წერილის სწავლება აეხსნა. მაშინ წმიდა თეოდორე მხოლოდ ოცი წლისა იყო. ის უსიტყვოდ დაემორჩილა მოძღვრის კურთხევას, მაგრამ ზოგიერთი ასაკოვანი ბერი შეურაცხყოფილი დარჩა ახალგაზრდა ბერის სწავლებით და განეშორნენ მას. ღირსმა პახუმმა მათ უთხრა: „თქვენ ეშმაკს დაემორჩილეთ და თვითდაჯერებულობით ამაოდ აქციეთ თქვენი ღვაწლი. თქვენ თეოდორე კი არ უარყავით, არამედ სიტყვა ღვთისა“. წმიდა თეოდორე მამაშვილური სიყვარულით ზრუნავდა თავის მოძღვარზე, უვლიდა სასიკვდილო სარეცელზე მიჯაჭვულს და როცა აღესრულა, საკუთარი ხელებით დაუხუჭა თვალები.

ღირსი პახუმის სიკვდილის შემდეგ ტაბენისის მონასტერს თეოდორე განაგებდა, მოგვიანებით კი სათავეში ჩაუდგა თებაიდის ყველა სავანეს. ღირს მამას სასწაულქმედების ნიჭი მიემადლა. წმიდა თეოდორე ღრმა მოხუცებულობაში აღესრულა, 368 წელს.