| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი პახუმი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი პახუმი ანტონი დიდთან (ხს. 17 იანვარს), მაკარი დიდთან (ხს.19 იანვარს) და ექვთიმე დიდთან (ხს.20 იანვარს) ერთად ითვლება მეუდაბნოებისა და სამონასტრო ცხოვრების ერთ-ერთ დამაარსებლად ეგვიპტეში. ღირსი პახუმი III საუკუნეში დაიბადა თებაიდაში (ზემო ეგვიპტე), წარმართი მშობლების ოჯახში და კარგი საერო განათლება მიიღო. როცა იგი ოცი წლის გახდა, სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. ახალწვეულები დროებით ქალაქის საპყრობილეში მოათავსეს. ადგილობრივი ქრისტიანები ზრუნავდნენ მათზე, მიჰქონდათ საკვები და ემსახურებოდნენ. როცა ჭაბუკმა გაიგო, რომ ეს ხალხი თავიანთი ღმერთის მცნებების ერთგულებისა და მოყვასის სიყვარულის გამო მოდიოდა საპყრობილეში, პირობა დადო, რომ თვითონაც გაქრისტიანდებოდა. გამარჯვების შემდეგ ბრძოლიდან დაბრუნებული პახუმი მოინათლა, დასახლდა სოფელ შენესიტში და მკაცრი ასკეტური ცხოვრება დაიწყო. მან რჩევისათვის თებაიდელ მეუდაბნოეს პალამონს მიმართა, რომელმაც სიყვარულით მიიღო მოღვაწე. უდაბნოში 10 წლის ცხოვრების შემდეგ ღირს პახუმის სოფელ ტაბენისის ნანგრევებთან მოესმა ზეციური ხმა და სავანის აშენება უბრძანა. პახუმმა ამის შესახებ ღირს პალამონს შეატყობინა. ორივე მამა ტაბენისში წავიდა და მონასტრის მშენებლობა დაიწყო. წმიდა პალამონმა აკურთხა სავანის საძირკველი და მისი მომავალი დიდება იწინასწარმეტყველა. პალამონის გარდაცვალების შემდეგ, პახუმის უფლის ანგელოზი გამოეცხადა სქემოსნის სახით და სამონასტრო ცხოვრების წესი გადასცა. მალე ღირს მამასთან მივიდა უფროსი ძმა იოანე და მასთან დასახლდა. ღირსი პახუმის ირგვლივ თანდათან შემოიკრიბნენ მოწაფეები. სავანის იღუმენი კეთილად განაგებდა საძმოს და ბრძნულად წინამძღვრობდა ბერების სულიერ ცხოვრებას. ღირსმა პახუმიმ შემოიღო საერთო საცხოვრისის წესი, ყველასთვის ერთნაირი საკვები და სამოსი დაადგინა. სავანის ბერებს მათთვის დადგენილი საქმე მორჩილებით უნდა შეესრულებინათ. მორჩილებათა შორის იყო წიგნების გადაწერა. ბერებს საკუთარი ფული არ უნდა ჰქონოდათ და არც ნათესავებისაგან უნდა მიეღოთ. ღირსი მამა თვლიდა, რომ მორჩილება მარხვაზე და ლოცვაზე აღმატებული სათნოება იყო და ბერებისაგან წესების მკაცრ დაცვას მოითხოვდა. ერთხელ, ღირს პახუმისთან მივიდა მისი და, მარიამი. მკაცრმა მოღვაწემ არ დაარღვია საერთო წესი და მარიამს მეკარის პირით მისცა კურთხევა მონაზვნობაზე. ტაბენისელმა ბერებმა ნილოსის მეორე ნაპირზე ააშენეს დედათა საცხოვრისი. მარიამთან მონაზვნებმა იწყეს შეკრება და მალე დაარსდა დედათა მონასტერი, რომელიც ღირსი პახუმის დადგენილ წესებს ემორჩილებოდა. ბერების რიცხვი ისე გაიზარდა, რომ საჭირო გახდა 7 მონასტრის აშენება. მამათა რაოდენობამ 7000 მიაღწია. ყველას ღირსი პახუმი ხელმძღვანელობდა. საკუთარი თავის მიმართ მკაცრი და მომთხოვნი ღირსი პახუმი საოცრად კეთილი და დამთმობი იყო ახალგაზრდა ბერებისათვის. სიცოცხლის ბოლოს ღირსი პახუმი დასნეულდა იმ მხარეში გავრცელებული შავი ჭირით. წმიდა მამას მამაშვილური სიყვარულით უვლიდა მისი უახლოესი და უსაყვარლესი მოწაფე ღირსი თეოდორე (ხს. 17 მაისს). წმიდა პახუმი გარდაიცვალა დაახლოებით 348 წელს, 53 წლის ასაკში. დაკრძალეს მონასტერთან ახლოს, მთის ძირში. |