| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მოწამე ისიდორე
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოწამე ისიდორე (251) ცხოვრობდა კუნძულ ქიოსზე. იგი წარმოშობით ალექსანდრიელი იყო. იმპერატორმა დეკიუსმა (249-251 წწ.) მმართველობის პირველ წელს გამოსცა ბრძანება, აღეწერათ არმიაში მსახურებისთვის ყველა მოქალაქე. წმიდა ისიდორე მხედართმთავარ ნუმერიუსის პოლკში გაამწესეს. ისიდორე ქრისტიანი იყო და თავს არიდებდა ყოველგვარ წარმართულ სანახაობას. როცა იმპერატორმა მოითხოვა, ყველა მეომარს მსხვერპლშეწირვის წესი შეესრულებინა, ასისთავმა ისიდორე ნუმერიუსთან დაასმინა. წმიდანმა განაცხადა, რომ მხოლოდ საუკუნო მეფის, იესო ქრისტეს ნებას ემორჩილებოდა და არასოდეს განუდგება მას. მხედართმთავრის ბრძანებით წმიდანს ენა ამოგლიჯეს, მაგრამ ღვთის ნებით, წმიდა ისიდორე ბრძანების შესრულების შემდეგაც განაგრძობდა ქადაგებას. ამ სასწაულით ზარდაცემული ნუმერიუსი მიწაზე დაეცა უგონოდ და თავად დაკარგა მეტყველების უნარი. ჯარისკაცების დახმარებით წამომდგარმა მხედართმთავარმა ფურცელზე დაწერა განაჩენი - წმიდა ისიდორესთვის თავი უნდა მოეკვეთათ. ისიდორე სიხარულით შეხვდა განაჩენს და ღმერთს მადლობა შესწირა. გვამი უპატრონოდ დააგდეს, მაგრამ წმიდანის მეგობარმა, ფარულმა ქრისტიანმა ამონამ პატივით მიაბარა იგი მიწას. მოგვიანებით თვითონ ამონაც მოწამებრივად აღესრულა. |