| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მოწამე გლიკერია ქალწული
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოწამე გლიკერია ქალწული და მის თანა ლაოდიკე დილეგის მცველი (177) მოწამეობრივად აღესრულნენ იმპერატორ ანტონინუს პიუსის (138-161 წწ.) დროს. წმიდა გლიკერია არისტოკრატულ ოჯახში დაიბადა. მისი მამა მაკარი რომის მმართველი იყო, შემდეგ კი თრაკიის ქალაქ ტრიანოპოლისში გადასახლდა. გლიკერია ადრე დაობლდა. ქრისტიანებთან დაახლოებამ ქალწული ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია, იგი ყოველდღე დადიოდა ღვთის ტაძარში. ქალაქის მმართველმა საბინემ მიიღო იმპერატორის ბრძანება, ქრისტიანებისათვის მოეთხოვა წარმართული მსხვერპლშეწირვის წესის შესრულება. მანაც დანიშნა დღე ზევსის კერპის თაყვანისცემისათვის. წმიდა გლიკერიამ მტკიცედ გადაწყვიტა, ქრისტესათვის აღსრულებულიყო, ქრისტიანებს გაუმხილა თავის წადილი და სთხოვა, ელოცათ მისთვის. ზევსის დღესასწაულზე შუბლზე ჯვარგამოსახული ქალწული სამსხვერპლოში გამოცხადდა. წმიდანი ამაღლებულ ადგილზე დადგა, თავსაბურავი მოიხსნა და ყველას დაანახა შუბლზე გამოსახული წმიდა ჯვარი. ქრისტეს ტარიგი მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს წარმართთა გონზე მოყვანას და ზევსის კერპის ქვის დამსხვრევას. მოულოდნელად გრუხუნი გაისმა. ზევსის ქანდაკება მიწაზე დაემხო და დაიმსხვრა. გამძვინვარებულმა საბინემ და ქურუმებმა ხალხს უბრძანეს, ქვებით ჩაექოლათ გლიკერია, მაგრამ ქვები ვერ აღწევდნენ წმიდანამდე - უფალი იცავდა თავის რჩეულს. ქრისტეს აღმსარებელი საპყრობილეში გამოამწყვდიეს. ქრისტიანმა მღვდელმა ფილოსტრატემ მოინახულა და გაამხნევა იგი. დილით ქალწული საწამებლად გაიყვანეს. როცა წამება დაიწყო, უეცრად ჯალათთა შორის ანგელოზი გამოჩნდა. ყველანი, შიშით ზარდაცემულნი მიწაზე დაემხნენ. როცა ხილვა გაქრა, საბინეს ბრძანებით წმიდა გლიკერია საპყრობილეში დააბრუნეს, კარები კი მმართველის პირადი ბეჭედით დაბეჭდეს. პყრობილობის მანძილზე წამებულთან ანგელოზს მიჰქონდა პური და წყალი. მრავალი დღის შემდეგ საბინემ თვითონ გახსნა კარი, შევიდა საკანში და გაოგნდა, როცა ცოცხალი და საღსალამათი წმიდანი იხილა. საბინა ჰერაკლიაში წავიდა და წმიდანიც თან წაიყვანა. წმიდანს წინ შემოეგება ჰერაკლიის ეპისკოპოსი დომენტი კრებულთან ერთად და ილოცეს მისი განმტკიცებისათვის. ჰერაკლიაში წმიდა გლიკერია გახურებულ ღუმელში ჩააგდეს, მაგრამ ცეცხლი ჩაქრა და ღუმელიც გაცივდა. მრისხანებისაგან გონდაკარგულმა მმართველმა ბრძანა, ქალწულისათვის ტყავი გაეძროთ. შუაღამეს უფლის ანგელოზი გარდამოხდა ზეციდან და წყლულები დაუამა მოწამეს. დილით დილეგის მცველმა ვერ იცნო წმიდა გლიკერია, ეგონა, რომ ტუსაღი გაექცა და დასჯის შიშით თავის მოკვლა გადაწყვიტა, მაგრამ წმიდანმა შეაჩერა. სასწაულით შეძრულმა ლაოდიკემ ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და შეევედრა წმიდანს, ელოცა მისთვის, რომ თვითონაც მასთან ერთად აღსრულებულიყო უფლის სადიდებლად. „შეუდექ ქრისტეს და ცხონდები!“ - უპასუხა წმიდა ქალწულმა. ლაოდიკემ წმიდა გლიკერიას ბორკილები თვითონ დაიდო, სამსჯავროზე მმართველს და მხლებლებს მოუთხრო ანგელოზის მიერ წმიდა ქალწულის განკურნების შესახებ და საჯაროდ აღიარა ქრისტე. ღვთის რჩეულს სასწრაფოდ მოჰკვეთეს თავი. ქრისტიანებმა მალულად წაასვენეს მისი გვამი და პატივით დაკრძალეს. წმიდა გლიკერია მხეცებს მიუგდეს საჯიჯგნად, მაგრამ ლომმა მორჩილებით აულოკა მას ფეხები. წმიდანი შეევედრა უფალს, მიეღო მისი სული. ზეციდან კი გაისმა ხმა, მაუწყებელი იმისა, რომ სასუფეველის კარები განხმული იყო ქრისტეს სასძლოსათვის. ამ დროს გალიიდან მეორე ლომიც გამოუშვეს. მან მოაკვდინა წმიდანი, მაგრამ არ დაუგლეჯია. ეპისკოპოსმა დომენტიმ და ჰერაკლიელმა ქრისტიანებმა პატივით დაასაფლავეს წმიდა მოწამე გლიკერია. მალე მისი წმიდა ნაწილებიდან მაკურნებელმა მირონმა იწყო დენა. წმიდა მოწამე ალექსანდრე რომაელი მოწამეობრივად აღესრულა IV საუკუნის დასაწყისში. ის მხედარი იყო და მსახურობდა ტრიბუნ ტიბერიანეს პოლკში. წმიდა ალექსანდრე 18 წლისა იყო, როცა იმპერატორმა მაქსიმიანე ჰერკულესმა (284-305, 307-310) გამოსცა ბრძანება, რომ განსაზღვრულ დღეს ყველა მისულიყო ზევსის ტაძარში და მსხვერპლი შეეწირა. ქრისტიანული სარწმუნოებით აღზრდილმა ალექსანდრემ უარი განაცხადა დღესასწაულში მონაწილეობის მიღებაზე. შეშინებულმა ტიბერიანემ იმპერატორთან დაასმინა წმიდანი. ალექსანდრეს ანგელოზმა მოსალოდნელი მოწამებრივი აღსასრული აუწყა. მაქსიმიანეს წინაშე წმიდა ალექსანდრემ უშიშრად აღიარა ქრისტე. როცა დაპირებებმა არ გაჭრა, წმიდა მოწამე სასტიკად აწამეს. იმპერატორის ბრძანებით ტიბერიანე თრაკიაში წავიდა და თან იახლა წმიდა ალექსანდრე. უფლის ანგელოზმა წმიდანის დედას, პიმენიას გაუცხადა შვილის მოწამებრივი მოღვაწეობა.
|