მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა ღირსმოწამენი, ათონის ივერთა მონასტერში ლათინთაგან მოწყვეტილნი
#წმინდათა ცხოვრება

ქართველი ბერები ათონის მთაზე X საუკუნის 50-იანი წლებიდან იწყებენ დასახლებას და სულ მალე იქ ყალიბდება ივერიონად წოდებული ერთ-ერთი უდიდესი მონასტერი.

ათონის წმიდა მთას ხშირად თავს ესხმოდნენ და არბევდნენ გარეშე მტრები, XIII საუკუნეში კი იგი ჯვაროსანთა სათარეშო ასპარეზად იქცა.

პაპისტმა მხედრებმა 1259-1306 წლებში რამდენჯერმე მოაოხრეს იქაურობა. მართლმადიდებლური მრწამსის ერთგულებისათვის მხეცურად ამოწყვიტეს ზოგრაფის, ვათოპედის, პროტატის და სხვა სავანეთა ბერები. მათ რისხვას ვერც ივერთა მონასტერი გადაურჩა.

ამ დროს ათონის ქართველთა მონასტერში ერთად მოღვაწეობდნენ ქართველი და ბერძენი ბერები და საქართველოდან ივერონში მრავლად მიდიოდა ქართველ ბერმონაზონთა ახალი თაობა.

მხედრებმა ივერიონელ ბერებს კათოლიკური სარწმუნოების მიღება და პაპის უზენაესობის აღიარება მოსთხოვეს, მამებმა მხოლოდ ამხილეს მათი ცდომილება და მომხდურები ერესის ქადაგებისათვის ანათემას გადასცეს.

როგორც ათენური პატერიკი გვაუწყებს, პაპისტებმა ივერიონელები ძალით გამოყარეს სავანედან, მათგან ორასამდე უხუცესი ბერი გემზე დასხეს და ზღვაში ჩაძირეს, უფრო ახალგაზრდა და ჯან-ღონით სავსე ბერები კი, რომელთა უმეტესობაც ქართველი იყო, სამონასტრო ქონებასთან ერთად იტალიაში გაგზავნეს და იუდეველებს მიჰყიდეს მონებად.

ეს ამბავი ივერთა ლავრაში, ერთი ცნობით, 1259 წელს მომხდარა, სხვა წყაროების მოწმობით კი - სავარაუდოდ 1276-1280 წლებში.