მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა საბინე და წმიდა პოლუბიოსი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა საბინე, კვიპრელი ეპისკოპოსი (V) დაიბადა ფინიკიის ქალაქ ლუკიაში. როცა გაიგო ეპიფანე კვიპრელის მოღვაწეობის შესახებ, საბინე მასთან გაემგზავრა და ბერად აღიკვეცა. ის ხუთი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა უდაბნოში წმიდა ეპიფანესთან ერთად, შემდეგ კი აღწერა მისი ცხოვრება. როცა ეპიფანე კვიპროსის კათედრაზე აირჩიეს, მან წმიდა საბინეს მღვდლად დაასხა ხელი. სულიერი მოძღვრის გარდაცვალების შემდეგ წმიდა საბინე კვიპროსის მღვდელმთავრად აირჩიეს. წმიდანი სიკვდილამდე თავგამოდებით იცავდა წმიდა ეკლესიას ერეტიკოსებისაგან.


წმიდა პოლუბიოსი, რინოკირელი ეპისკოპოსი (V) წმიდა ეპიფანე კვიპრელის მოწაფე იყო. იგი სულ თან დაჰყვებოდა მას მოგზაურობებში და იწერდა მასწავლებლის ცხოვრებას და სასწაულებს.

წმიდა პოლუბიოსი თან ახლდა კონსტანტინოპოლს განრიდებულ წმიდა ეპიფანეს, რომელმაც არ ისურვა მონაწილეობა მიეღო წმიდა იოანე ოქროპირის წინააღმდეგ გამართულ საეკლესიო კრებაში. სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე წმიდა ეპიფანემ პოლუბიოსს უთხრა: „წადი ეგვიპტეში, მე კი სიკვდილის შემდეგ ვიზრუნებ შენზე“. წმიდა პოლუბიოსმა მორჩილად აღასრულა მოძღვრის ანდერძი და მის გარდაცვალებამდე წავიდა ეგვიპტეში, სადაც რინოკირის ეპისკოპოსად აირჩიეს. ღვთივსათნო მოღვაწეობისათვის წმიდანი სასწაულმოქმედების ნიჭით დაჯილდოვდა. ერთხელ, მისი ლოცვით უფალმა გვალვის დროს წვიმა გარდამოავლინა ზეციდან და მოსავალი გაამრავლა. წმიდა პოლუბიოსი გარდაიცვალა ღრმა მოხუცებულობაში.