| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა ეპიფანე
#წმინდათა ცხოვრება წმიდა ეპიფანე, კვიპრელი ეპისკოპოსი წარმოშობით ებრაელი იყო, ცხოვრობდა ფინიკიაში. ერთხელ ნახა, რომ ბერმა ლუკიანემ თავისი სამოსელი მისცა მათხოვარს. ბერის გულკეთილობით გაკვირვებულმა ეპიფანემ სთხოვა, ქრისტიანობა აეხსნა მისთვის, შემდეგ კი ნათელ-იღო და ლუკიანეს მიერ დაარსებულ მონასტერში წავიდა. აქ ის გამოცდილი ბერის, ილარიონის ხელმძღვანელობით მოღვაწეობდა და მორჩილებად ჰქონდა ბერძნული წიგნების გადაწერა. სათნო ცხოვრებისათვის წმიდა ეპიფანეს სასწაულქმედების ნიჭი მიემადლა. კაცობრივ დიდებას რომ მორიდებოდა, წმიდანი სპარიდრიონის უდაბნოში განმარტოვდა. იგი ყაჩაღებმა შეიპყრეს და 3 თვე ტყვეობაში ამყოფეს. წმიდანმა თავისი მადლმოსილი სიტყვით ერთ-ერთი ავაზაკი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია. როცა ეპიფანე გაანთავისუფლეს, ის ავაზაკიც უკან გაჰყვა. წმიდა ეპიფანემ ის მონასტერში მიიყვანა და მონათლა იოანეს სახელით. წმიდანის მართალი და ღვთივსათნო ცხოვრების ამბავი გავრცელდა ხალხში, ამიტომ მან კვლავ უდაბნოს მიაშურა, ამჟამად - იოანესთან ერთად. მოწაფეები იქაც აკითხავდნენ წმიდანს, ზოგი იქვე რჩებოდა. ასე დაარსდა ახალი სავანე. რამდენიმე ხნის შემდეგ წმიდა ეპიფანემ და იოანემ იერუსალიმში წასვლა გადაწყვიტეს წმიდა ადგილების მოსალოცად. ქალაქ ლუკიის მცხოვრებლებმა ბერი პოლიბიოსი გაგზავნეს წმიდა ეპიფანესთან და სთხოვეს ეპისკოპოსის კათედრა დაეკავებინა. განჭვრეტის მადლით დაჯილდოვებულმა წმიდანმა ადრევე შეიტყო მათი სურვილი და მალულად დატოვა იქაურობა-ეგვიპტის უდაბნოში წავიდა წმიდა ილარიონთან (ხს.21 ოქტომბერს), ვის მორჩილებაშიც იყო ახალგაზრდობაში. წმიდა ილარიონმა წმიდა ეპიფანე ქალაქ სალამანში გაგზავნა, სადაც ეპისკოპოსები იყვნენ შეკრებილნი ახალი მღვდელმთავრის ასარჩევად. უხუცეს ეპისკოპოს პაპიუსს უფალმა გამოუცხადა, რომ ეპისკოპოსად ქალაქში მოსული ბერი ეპიფანე უნდა აერჩიათ. წმიდანი მოძებნეს, წმიდა პაპიუსმა ტაძარში შეიყვანა იგი და კრების მონაწილე მამათა სურვილი განუცხადა. წმიდა ეპიფანე იძულებული გახდა დათანხმებულიყო. ასე დაიკავა სალამინის ეპისკოპოსის კათედრა წმიდა ეპიფანემ 367 წელს. წმიდა ცხოვრებისათვის ეპიფანემ მიიღო ლიტურგიის შესრულებისას წმიდა ძღვენზე სულიწმიდის გარდამოსვლის ხილვის მადლი. ერთხელ წმიდა საიდუმლოს შესრულებისას წმიდა ეპიფანემ ეს სასწაული ვერ იხილა. მან ერთ-ერთი მოწაფე იხმო და ჩუმად უთხრა: „გადი შვილო ჩემო, შენ დღეს ღირსი არა ხარ ესწრებოდე წმიდა საიდუმლოს აღსრულებას“. წმიდა ეპიფანე სიცოცხლის მიწურულს დედოფალ ევდოქსიას და ალექსანდრიის პატრიარქ თეოფილეს ბრძანებით გამოიძახეს კონსტანტინოპოლში საეკლესიო კრებაზე, რომელსაც უნდა განესაჯა ეკლესიის უდიდესი მამა წმიდა იოანე ოქროპირი (ხს. 14 სექტემბერს და 13 ნოემბერს). წმიდანმა არ ისურვა დასწრებოდა უკანონო კრებას და კონსტანტინოპოლი დატოვა. გემით მოგზაურობის დროს მან იგრძნო სიკვდილის მოახლოება, უკანასკნელი დარიგება დაუტოვა მოწაფეებს და ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა. ქალაქ სალამინის მცხოვრებლებმა მხურვალედ დაიტირეს თავიანთი მღვდელმთავარი და მისი ნეშტი 403 წლის 12 მაისს პატივით დაკრძალეს მის მიერვე აგებულ ტაძარში. VII მსოფლიო საეკლესიო კრებამ წმიდა ეპიფანეს ეკლესიის მამა და მასწავლებელი უწოდა. |