მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ნეტარი ქრისტესია
#წმინდათა ცხოვრება

ნეტარი ქრისტესია, ქრისტეფორედ წოდებული, ნათლისმცემლის უდაბნოს მოღვაწე, წარმოშობით დასავლეთ საქართველოდან - სამეგრელოდან იყო. მას სიყრმიდანვე განდეგილობისა და ღვთისმსახურების სურვილი ჰქონდა, მაგრამ ბატონის ბრძანებითა და იძულებით ცოლი მოიყვანა და ვაჟი ეყოლა. რამდენიმე ხნის შემდეგ ქრისტესიას ცოლ-შვილი დაეხოცა. ბატონს მეორეჯერ უნდოდა მისი დაქორწინება. ნეტარმა ყურად არ იღო ბატონის ბრძანება, წავიდა მოძღვართან, თავისი გასაჭირი უამბო და რჩევა სთხოვა. მოძღვარმა ურჩია, დაეტოვებინა მაცდური წუთისოფელი და გარეჯის უდაბნოს შეჰკედლებოდა. სულიერი მოძღვრის სიტყვებით ფრთაშესხმულმა ქრისტესიამ დატოვა ყველაფერი და გარეჯში, იოანე ნათლისმცემლის უდაბნოში დაეყუდა. წმიდა მამამ მრავალი წელი გაატარა მორჩილებაში: წყალსა და ფიჩხს ეზიდებოდა მონასტერში, ყოველივეს მორჩილებით და გულმოდგინედ ითმენდა.

ქრისტესია მოხუცი იყო, როდესაც ბერად აღიკვეცა. მას უწოდეს ქრისტეფორე. განდეგილობაში მისი ცხოვრების წესი ასეთი იყო: უდაბნოდან 7 კილომეტრის დაშორებით იდგა ჭური, რომელსაც ყოველდღე ავსებდა წყლით. იქვე პატარა ქოხი ჰქონდა. მის ზღურბლზე პატარა ჩარექა იყო ჩამოკიდებული. ჩარექა შორიდან ჩანდა და მოგზაურნი ქრისტესია ბერთან იკლავდნენ წყურვილს. იქვე ნეტარ მამას პატარა ბოსტანი ჰქონდა გაშენებული მგზავრებისათვის.

წმიდა ქრისტესიას, რასაც მისცემდნენ, სხვასაც უყოფდა. შემოწირული თაფლითა და ხორბლით ყოველ შაბათს კოლიოს ამზადებდა სამი ჭურჭლით: ერთით - შემომწირველის მიცვალებულთათვის, მეორით - მონასტერში მდებარე შესვენებულ მიცვალებულთათვის, მესამეთი - ყველა მართლმადიდებლისათვის. როგორც კი გაიგებდა, სადმე ჩხუბისა და სიძულვილის ამბავს, წავიდოდა მოშურნეებთან და ტკბილი სიტყვით შერიგებისკენ მოუწოდებდა: „შვილნო, რამეთუ არა ისმენთ ჩემსა, რომელიცა თქვენის მიზეზით მოვედი აქა, წარვალ მწუხარებით სავსე და განიხარებს ეშმაკი იგი, რომელსა არა ნებავს მშვიდობა კაცთა და მოაწევს უაღრესსა განსაცდელსა თქვენ ზედა და ვითარცა მოველ მშიერ, მშიერივე წავალ თქვენგან“. მისი მადლმოსილი ქცევა და სიტყვები გულს უთბობდა მოჩხუბრებს და შერიგებას უადვილებდა.

ერთხელ, მამა ქრისტესია მწუხრის ლოცვის შემდეგ სოფელში წავიდა. წმიდა ბერი სიცხის გამო დაღამების შემდეგ შეუდგა გზას. ბნელი ღამე იყო, სიარული შეუძლებელი გახდა. წმიდა ქრისტესია გაჩერდა და ილოცა. მოულოდნელად მას გამოუჩნდა რაღაც მანათობელი, რომელიც გზას უნათებდა. შეშინებულმა ბერმა ნაბიჯი ვერ გადადგა, ლოცვით შეევედრა უფალს, განსაცდელი აერიდებინა მისთვის, შემდეგ პირჯვარი გადაისახა და გზას გაუყვა. მანათობელი წინ მიძღოდა. ასე იარა მთელი ღამე, სანამ არ მიაღწია სოფელ სართიჭალას.

მისი სენაკი ვიწრო და უბადრუკი იყო. საწოლად ერთი ფიცრისგან შეკრული ტახტი ჰქონდა, საგებლად-ცხვრის ტყავი, რომელიც წელამდე ძლივს სწვდებოდა, სასთუმლად ქვა ედო, საცმელად ეცვა ცხვრის დაბებკილი ტყავის სამოსი, ფეხთ-ქალამანი. თუ ვინმე ტანსაცმელს მოუკითხავდა, მყის გლახაკებს მისცემდა, „თავის თავისათვის არარას ზრუნვიდა, საწუთოსათვის და ამაოსა, არამედ ყოველსავე იუნჯებდა მერმისსა მის საუკუნოისათვის“.

80 წელს გადაცილებული წმიდა ქრისტესია, ქრისტეფორედ წოდებული, აღესრულა მონასტერში, თავის სენაკში, 1871 წელს. დასაფლავებულია ეკლესიაში, მამათა სასაფლაოზე.