| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მოწამე ისიხიოს ანტიოქიელი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოწამე ისიხიოს ანტიოქიელი (IV) ცხოვრობდა იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311 წწ.) დროს და იმპერატორის კარზე საპატიო თანამდებობა ეკავა. მაქსიმიანემ გამოსცა ედიქტი, რომლის მიხედვითაც, ვინც ქრისტიანობას არ უარყოფდა, მეომრის სარტყელი უნდა მოეხსნა, უარი უნდა ეთქვა წოდებაზე და დაქირავებული მსახური გამხდარიყო. წმიდა ისიხიოსი ერთგული დარჩა თავისი სარწმუნოებისა. მაქსიმიანემ მას უბრძანა განეძარცვა დიდებულის სამოსელი, უხეში ხამის ტანსაცმელი ჩაეცვა და სამოსახლოში ემსახურა. რამდენიმე დღის შემდეგ იმპერატორმა დაიბარა წმიდა ისიხიოსი და ჰკითხა: „ნუთუ არ გრცხვენია ასეთ უპატივცემულობაში ყოფნა?“ წმიდანმა უპასუხა: „პატივი, რომელიც შენგან მქონდა, დროებითია“. მაქსიმიანეს ბრძანებით წმიდა ისიხიოსი მდინარეში დაახრჩვეს. |