მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე სვიმეონ მოშურნე კანანელი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე სვიმეონ მოშურნე კანანელი კანას გალილეაში ცხოვრობდა. ის იყო წმიდა იოსებ დამწინდველის შვილი. მაცხოვრის პირველი სასწაული - წყლის ღვინოდ გადაქცევა სვიმეონის სახლში აღესრულა. ნადიმის დროს ტრაპეზზე ღვინო შემოაკლდათ, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის თხოვნით მაცხოვარმა წყალი ღვინოდ აქცია. ამ სასწაულის ნახვით აღფრთოვანებულმა სვიმეონმა მთელი სულითა და გულით ირწმუნა იესო ქრისტე, როგორც აღთქმული მესია, დატოვა ოჯახი, ახალშერთული ცოლი და მაცხოვარს გაჰყვა. სულთმოფენობის დღეს სხვა მოციქულებთან ერთად სვიმეონზეც გარდმოვიდა სულიწმიდის მადლი. წმიდა მოციქული ქრისტეს მოძღვრებას ქადაგებდა იუდეაში, ეგვიპტეში კირინეაში, ბრიტანეთში.

წმიდა სვიმეონმა ანდრია პირველწოდებულთან ერთად იქადაგა დასავლეთ საქართველოში. წმიდა ანდრია შემდგომ სკვითთა ქვეყანაში გადავიდა, სვიმეონი კი აფხაზეთში დარჩა წარმართთა მოსაქცევად.

წარმართებმა წმიდა სვიმეონი ქვებით ჩაქოლეს. დაკრძალულია ანაკოფიაში, სოხუმთან ახლოს. შემდგომში სვიმეონ კანანელის საფლავზე, ახალი ათონის მთაზე, მონასტერი აღიმართა. დღემდე შემორჩენილია მღვიმე, სადაც წმიდა მოციქული მოღვაწეობდა.