| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მოწამე ქრისტეფორე
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოწამე ქრისტეფორე აღესრულა იმპერატორ დეკიუსის მმართველობის (249-251 წწ.) დროს. წმიდა ქრისტეფორე მაღალი, არაჩვეულებრივი აღნაგობის კაცი იყო, მაგრამ არ სურდა თავისი გარეგნობით სხვები ეცდუნებინა და უფალს შეევედრა, მისთვის სახე დაემახინჯებინა. ერთხელ იმპერატორმა ბრძანა, მისთვის მიეგვარათ ქრისტიანთა ქომაგი რეპრევი (ასე ერქვა წმიდანს ნათლობამდე). იგი უსიტყვოდ დაემორჩილა ბრძანების შესასრულებლად გამოგზავნილ 200 მხედარს. გზად სასწაულები აღესრულა: წმიდანის ხელში გამხმარი ხელჯოხი განედლდა, მისი ლოცვით პური გამრავლდა. სასწაულების ხილვით გაოგნებულმა რეპრევის მხლებლებმა მეომრებმა ირწმუნეს ქრისტე და წმიდანთან ერთად მოინათლნენ ანტიოქიის ეპისკოპოსის, ბაბილას მიერ. იმპერატორმა გადაწყვიტა ცბიერებით მოედრიკა წმიდანი. მან ორი მეძავი კლინიკია და აკვილინა მიუჩინა ქრისტეფორეს და უბრძანა, კვლავ წარმართობისკენ მოექციათ წმიდანი, მაგრამ მან ქალები თავად გადმოაქცია ქრისტეს სჯულზე. დეკიუსმა წამებით მოკლა ქალებიც და 200 მხედარიც. შემდეგ იმპერატორმა ბრძანა, გახურებულ ღუმელში ჩაეგდოთ წმიდა ქრისტეფორე, მაგრამ იგი ღვთისგან უვნებლად იქნა დაცული. ხანგრძლივი წამების შემდეგ ქრისტეფორეს თავი მოჰკვეთეს (250 წელს). თავისი სასწაულებით მან 50000 წარმართი მოაქცია. მოგვიანებით წმიდანის ნეშტი გადაასვენეს ტოლედოში, შემდგომ საფრანგეთში, სენ-დენის სააბატოში. |