მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

აღმოყვანება პატიოსანთა ნაწილთა წმიდისა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა მირონიდან ქალაქ ბარში.
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა ნიკოლოზი (ხს. 6 დეკემბერს) მშვიდობით მიიცვალა 345-351 წლებში. მისი მირონმდინარე წმიდა ნაწილები ქ. მირონის წმიდა საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული და მასთან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულებოდა.

XI საუკუნეში საბერძნეთის იმპერიას მძიმე ჟამი დაუდგა. თურქებმა დაარბიეს მისი სამფლობელოები მცირე აზიაში, გაძარცვეს ქალაქები და სოფლები, მოსრეს მოსახლეობა, შეურაცხყვეს ტაძრები, წმიდანთა ნაწილები, ხატები, წიგნები. მაჰმადიანები ცდილობდნენ გაენადგურებინათ ქრისტიანთაგან პატივდებული ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის წმიდა ნაწილებიც.

ხალიფა პარონ ალ-რაშიდმა კუნძულ როდოსის გასაძარცვავად გაგზავნა თავდასხმის ფლოტის მეთაური ჰუმეიდი. ამ კუნძულიდან იგი მირონ-ლუკიაში გაემგზავრა წმიდა ნიკოლოზის სარკოფაგის დარბევის მიზნით, მაგრამ შემთხვევით მის გვერდით მდებარე სამარხი შემუსრა. როგორც კი მკრეხელები გემზე ავიდნენ, საშინელი ქარიშხალი ამოვარდა და ყველა ხომალდი ჩაიძირა.

სიწმიდეების წაბილწვამ აღაშფოთა არა მარტო აღმოსავლელი, არამედ დასავლელი ქრისტიანებიც. ადრიატიკის ზღვის ნაპირზე მდებარე ქალაქ ბარის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს წმიდანის წმიდა ნაწილების გამოხსნა.

1087 წელს ბარელი და ვენეციელი ვაჭრები ანტიოქიაში გაემგზავრნენ სავაჭროდ. მათ სურდათ, მობრუნებულზე იტალიაში წამოესვენებინათ წმიდანის ნეშტი. მირონ-ლუკიაში პირველნი ჩავიდნენ ბარელები. წინასწარ გაგზავნილმა ორმა კაცმა ამბავი ჩაიტანა, რომ ქალაქში სიწყნარე იყო. ეკლესიაში, სადაც დასვენებული იყო უდიდესი სიწმიდე, მხოლოდ 4 ბერი ლოცულობდა. შეიარაღებული 47 კაცი გაემართა წმიდა ნიკოლოზის ტაძრისკენ. ბერებს არაფერში შეჰპარვიათ ეჭვი და მშვიდად ანახეს მოგზაურებს წმიდა ნიკოლოზის სარკოფაგი. ერთ-ერთმა ბერმა მოგზაურებს მოუთხრო გამოცხადებაზე, რომელიც იმ დღეებში მოხდა. ერთ ბერს წმიდა ნიკოლოზი გამოეცხადა და მოუწოდა, უფრო ფრთხილად დაეცვა მისი წმიდა ნაწილები. ვაჭრებმა ბერებს თავისი გადაწყვეტილება განუცხადეს და გამოსასყიდად სამასი ოქროს მონეტა შესთავაზეს. დარაჯებმა ფულზე უარი განაცხადეს და თანაქალაქელების გასაფრთხილებლად გაიქცნენ, მაგრამ ბარელებმა კარებთან დაიჭირეს ისინი, შეკრეს და დაანგრიეს ფიცარნაგი, რომლის ქვეშაც სამარხი იყო. ბარელებმა ნახეს, რომ სამარხი კეთილსურნელოვანი მირონით იყო სავსე. ეს მოხდა 1087 წლის 20 აპრილს.

წმიდანის ნაწილები მოწიწებით გადაასვენეს ხომალდზე. საკვრელთაგან განთავისუფლებულმა ბერებმა ქალაქს შეატყობინეს სამწუხარო ამბავი, ხალხი მოეფინა სანაპიროს, მაგრამ გვიანი იყო.

8 მაისს ხომალდი ქალაქ ბარს მიადგა. მეორე დღეს, 9 მაისს წმიდა ნიკოლოზის მირონმდინარე ნაწილები ზეიმით გადაასვენეს წმიდა სტეფანეს სახელობის ტაძარში. ნაწილთა გადასვენებისას მრავალი სასწაულებრივი კურნება მოხდა. ერთი წლის შემდეგ აშენდა წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, რომელიც აკურთხა პაპმა ურბან II-მ.