მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი არსენ დიდი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი არსენ დიდი დაიბადა 354 წელს რომში, კეთილმსახური ქრისტიანის ოჯახში. ღრმა სარწმუნოებამ ყმაწვილში მეცნიერებათა შესწავლის შემდეგ ღვთისმსახურებისთვის თავის გადადების სურვილი აღძრა. მალე წმიდა არსენს დიაკვნად დაასხეს ხელი.

როცა რომის იმპერიის აღმოსავლეთის მმართველმა, იმპერატორმა თეოდოსიმ (379-395 წწ.) მისი განათლებისა და ღვთისმოსაობის შესახებ გაიგო, თავისი ვაჟების, არკადისა და ჰონორიუსის აღზრდა დაავალა. თავისი სურვილის წინააღმდეგ არსენი იძულებული გახდა დამორჩილებოდა იმპერატორის სურვილს. მაშინ წმიდა მამა 29 წლისა იყო.

კონსტანტინოპოლში ჩასული არსენი პატივით მიიღო იმპერატორმა თეოდოსიმ და სთხოვა, მეფისწულები ღვთისმოშიშებით აღეზარდა. „თუმცა ისინი უფლისწულები არიან, მაგრამ ყველაფერში უნდა დაგემორჩილნონ, როგორც მამას და მასწავლებელს“.

ღირსი მამა გულმოდგინედ შეუდგა ყრმათა აღზრდას, მაგრამ დიდი პატივი, რომლითაც გარშემორტყმული იყო, უმძიმებდა ბერული ცხოვრებისა და მდუმარებისკენ მიდრეკილ სულს. წმიდა არსენი მხურვალედ ევედრებოდა უფალს, გამოეჩინა მისთვის ცხონების გზა. უფალმა ისმინა მისი ვედრება და ერთხელ წმიდა მამას ზეციდან მოესმა ხმა: „არსენ განუდეგ კაცთა და ცხონდები“. წმიდა არსენმა განიძარცვა მდიდრული სამოსი, მალულად დატოვა სასახლე, ავიდა ხომალდზე, ალექსანდრიაში ჩავიდა და უდაბნოს მიაშურა. მონასტერში მისულმა წმიდანმა წინამძღვარს საძმოში მიღება სთხოვა. წმიდანი მიიყვანეს ღირსი იოანე კოლოვთან (ხს. 9 ნოემბერს). ღირსმა იოანემ წმიდა არსენის მორჩილების გამოსაცდელად ტრაპეზთან კი არ დასვა მისული, არამედ პურის ნაჭერი გადაუგდო და უთხრა: „ჭამე თუ გინდა“. ღირსი არსენი მორჩილებით დაემხო მუხლებზე, მადლიერებით მიიღო პური და კუთხეში დადგა. წმიდა იოანემ თქვა: „ის უდიდესი მოღვაწე იქნება“, და მალე ბერად აღკვეცა.

ღირსმა არსენმა გულმოდგინედ დაიწყო მოღვაწეობა და მალე აღემატა უდაბნოს ბევრ მამას. ერთხელ, ლოცვისას კვლავ გაიგონა ზეციური ხმა: „არსენ, განუდეგ კაცთა, მდუმარება დაიმარხე, რადგან ესაა ძირი უცოდველობისა“. ღირსი არსენი განმარტოებულ სენაკში დასახლდა და მდუმარების ღვაწლს შეუდგა. იშვიათად გამოდიოდა გარეთ, მხოლოდ დღესასწაულზე და კვირაობით მიდიოდა ეკლესიაში. ერთი ბერის კითხვაზე, თუ რატომ განუდგა ხალხს, მოღვაწემ უპასუხა: „ღმერთი ხედავს, რომ ყველა მიყვარს, მაგრამ არ ძალმიძს ერთდროულად ღმერთთანაც ვიყო და ხალხთანაც“.

დიდი მოღვაწის სახელი შორს გავარდა. ბევრს უნდოდა მისი ნახვა, ამით კი ღირსი მამის მდუმარების წესი ირღვეოდა, ამიტომ წმიდანი იძულებული იყო ხშირად გამოეცვალა საცხოვრისი, მაგრამ მისი ნახვის მსურველნი მაინც ახერხებდნენ მის პოვნას.

ერთხელ ერთმა ბერმა ჰკითხა წმიდა არსენს, როგორ მოქცეულიყო, როდესაც ფსალმუნების კითხვისას სიტყვების მნიშვნელობა არ ესმოდა. წმიდა ბერმა უპასუხა, რომ საჭიროა ფსალმუნების კითხვის გაგრძელება, რადგან ბოროტი ძალები გარბიან ადამიანებისაგან წმიდა წერილის სიტყვების გაგონებისას.

ბერებს ხშირად ესმოდათ წმიდა არსენის სიტყვები: „იშრომე არსენ, ნუ ზარმაცობ, შენ აქ დასასვენებლად კი არ მოსულხარ, არამედ სამოღვაწეოდ“. წმიდა ბერი ხშირად იტყოდა ხოლმე: „ბევრჯერ ჩავვარდნილვარ სინანულში, წარმოთქმული სიტყვების გამო, დუმილის გამო კი - არასოდეს!“.

წმიდა მამამ ბერულ მოღვაწეობაში 55 წელი გაატარა და აღესრულა 95 წლისა, 449 ან 450 წელს.