მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე აკაკი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე აკაკი დაიბადა კაბადოკიაში და იყო მარტისიის პოლკის ასისთავი. როცა იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311 წწ.) ბრძანებით დაიწყო ქრისტიანთა დევნა, მხედართმთავარმა თერმემ სათითაოდ დაკითხა თავისი ჯარისკაცები. წმიდა აკაკიმ მტკიცედ და საჯაროდ აღიარა ქრისტიანობა. თერმემ ის მთავარსარდალ ვივიანესთან გაგზავნა. ვივიანეს ბრძანებით წმიდა აკაკი სასტიკად აწამეს, შემდეგ მძიმე ბორკილები დაადეს და საკანში ჩაკეტეს. ცოტა ხნის შემდეგ, მოწამე სხვა ქრისტიანებთან ერთად წაიყვანეს ბიზანტიაში. როცა ღამის გასათევად გაჩერდნენ, ლოცვის დროს წმიდა მოწამეს ზეციდან მოესმა ხმა: „გაძლიერდინ აკაკი!“ ეს ხმა სხვა პატიმრებმაც გაიგონეს და იწამეს ქრისტე.

ღამით პატიმრებმა იხილეს, რომ წმიდანთან ნათლითმოსილი ჭაბუკები მივიდნენ, წყლულები მობანეს და დააპურეს. 7 დღის შემდეგ ვივიანემ კვლავ მოიხმო წმიდა აკაკი და როდესაც მისი სიცოცხლით სავსე სახე ნახა, იფიქრა, რომ დარაჯს მიჰქონდა წმიდანთან საკვები, მოაყვანინა იგი და მკაცრად დაკითხა. ამაოდ ირწმუნებოდა დარაჯი თავის უდანაშაულობას: ვივიანემ მისი გაროზგვა ბრძანა. მაშინ წმიდა აკაკიმ თვითონ უპასუხა ჯალათს: „სიმტკიცე და ძალა უფალმა იესო ქრისტემ მომცა, მანვე განკურნა ჩემი წყლულები“. გამძვინვარებულმა ვივიანემ სასტიკად აწამა წმიდანი და გაუგზავნა მმართველ ფლაკინს, რომელმაც დაუფიქრებლად მოჰკვეთა თავი აღმსარებელს, 303 წელს.

წმიდა კონსტანტინე დიდის დროს წმიდანის უხრწნელი ნაწილები განისვენებდა კონსტანტინოპოლში, მოგვიანებით იგი გადაასვენეს კალაბრიაში, ქალაქ სიცილიაში.