მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა იოანე ზედაზნელი და მისი 12 მოწაფე
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა იოანე ზედაზნელი და მისი 12 მოწაფე (IV ს.) იყვნენ ასურიელი მოღვაწეები, რომლებიც წმიდა მოციქულთასწორი ქალწული ნინოს (ხს. 14 იანვარს და 19 მაისს), მოქცეულ საქართველოში ქრისტიანობა დაამკვიდრეს.

ღირსმა იოანე ზედაზნელმა სასულიერო განათლება ანტიოქიაში მიიღო. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ დატოვა მაცდური წუთისოფელი, ბერად აღიკვეცა და უდაბნოში წავიდა სამოღვაწეოდ. მისი სიმდაბლე, მარხვა და მღვიძარება, ცრემლი და ვედრება სათნოეყო უფალს და თავის ერთგულ მსახურს მიჰმადლა სენთა კურნებისა და ეშმაკთა განსხმის ნიჭი. ღირსმა იოანემ სახელი გაითქვა თავისი ცხოვრებითა და სასწაულებით. მის სანახავად უამრავი ხალხი მოდიოდა, ამიტომ წმიდა მამამ საჭიროდ ჩათვალა მოშორებოდა იქაურობას. წაიყვანა ზოგიერთი მოწაფე, აირჩია ერთი მივარდნილი ადგილი, ააშენა სენაკები და დაიწყო მოღვაწეობა.

ერთხელ, ღირს იოანეს გამოეცხადა ღვთისმშობელი და უბრძანა, თავის მოწაფეთა შორის 12 ბერი აერჩია და მათთან ერთად საქართველოში წასულიყო, რათა ნინოს მიერ მოქცეულ საქართველოში ქრისტიანობა განემტკიცებინა.

წმიდა იოანემ ღვთისმშობლის ბრძანება თავის მოწაფეებს გამოუცხადა. ხანგრძლივი მარხვისა და ლოცვის შემდეგ, ღვთის მინიშნებით მოწაფეთაგან 12 გამოარჩია: შიო, დავითი, ანტონი, ისე, იოსები, თადეოზი, სტეფანე, ისიდორე, მიქაელი, პიროსი, ზენონი და აბიბოსი. უდაბნოში დარჩენილებს თავის ნაცვლად ბერი ექვთიმე დაუტოვა, თვითონ კი ძმებთან ერთად საქართველოში წამოვიდა.

საქართველოს მეფეს და კათოლიკოსს ნათელმოსილი ანგელოზისგან ეუწყათ შუამდინარეთს აღმობრწყინებულ ვარსკვლავთა მოსვლა. მცხეთას მოახლოებულ მამებს წინ მიეგებნენ მეფე ფარსმანი და კათოლიკოსი ევლავიოსი კრებულითურთ.

წმიდა მამებმა თაყვანი სცეს მირონმდინარე სვეტს და უფლის კვართს (დღესასწაული 1-ლ ოქტომბერს). ცოტა ხნის შემდეგ წმიდა იოანემ თავის მოწაფეებთან ერთად მოიარა ყველა ის ადგილი, სადაც წმიდა ნინომ იქადაგა. წმიდა მამები ასწავლიდნენ და რჩევა-დარიგებებს აძლევდნენ ხალხს და ამგვარად ამტკიცებდნენ მათ შორის ქრისტეს სჯულსა და კეთილ ზნეს.

ევლავიოს კათოლიკოსის კურთხევით წმიდა იოანე თავის მოწაფეებთან ერთად ზედაზნის მთაზე დასახლდა, სადაც ადრე ზადენის კერპი იდგა. მოღვაწეები უბადრუკ სენაკებში ცხოვრობდნენ, დროს გამუდმებით ლოცვაში ატარებდნენ და მხოლოდ მცენარეებით იკვებებოდნენ.

ხალხმა გაიგო წმიდა იოანეს სასწაულები, იწყო მასთან სიარული და ლოცვა. ბევრს აღეძრა ბერული ცხოვრების წყურვილი, ბევრმა დატოვა სოფლის ამაო, შფოთიანი ცხოვრება და ზედაზენს დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. ამგვარად, ზედაზნის მთა განდეგილთა სამყოფლად შეიქმნა.

ერთ ღამეს, წმიდა იოანეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, თავის მოწაფეები სხვადასხვა მხარეს გაეგზავნა საქადაგებლად. მეორე დღეს შეკრიბა ისინი, უამბო, რაც იხილა და უთხრა: „სარგებლობისათვის ამას ქუეყანისა წარმოგუავლინა უფალმან ღმერთმან ჩუენმან იესუ ქრისტენმან, რამეთუ ახალ ნერგ არიან კაცნი ესე ამის სოფლისანი, ამისთვისცა ჯერ არს, რათა წარხვდეთ კაცად-კაცადი და განამტკიცებდეთ ძმათა, რომელთა აღუარებდიეს ქრისტე, უფალი ჩუენი“.

მოწაფეების გასტუმრების შემდეგ წმიდანი ზედაზენზე დაბრუნდა, დატოვა თავისთან ილია დიაკონი და ჩვეულ მოღვაწეობას შეუდგა. მოძღვარმა და მოწაფემ მრავალი წინააღმდეგობა დაითმინეს ეშმაკისაგან. ზედაზენი უწყლო ადგილი იყო. ილია დიაკონი ყოველდღე შორი მანძილიდან ეზიდებოდა წყალს. მოწაფის ფიცხელი შრომის შემხედვარე წმიდა იოანემ უფალს წყაროს აღმოცენება სთხოვა. სახიერმა უფალმა ისმინა ვედრება წმიდისა და მთის მწვერვალზე მკურნებელი წყარო აღმოცენდა.

წმიდა იოანეს ლოცვით მრავალი სასწაული აღსრულდა: მისი ვედრებით აღმოცენებულ წყაროს დათვი შეეჩვია. წმიდანის ლოცვით მხეცი მოთვინიერდა. ამის შემდეგ, ზედაზნის მთის ბინადარი ნადირები კაცთაგან არავის აწყენდნენ. ღირსი იოანეს ლოცვით, დიდი ხნის დავარდნილი სნეული და ეშმაკისგან დამუნჯებული ადამიანი განიკურნა.

წმიდა იოანე ჟამიდან ჟამამდე თავისთან იბარებდა მოწაფეებს, ხანაც თვითონ მიაკითხავდა ხოლმე და ამოწმებდა, თუ სულიერების რა საზომს იყვნენ მიღწეულნი.

ხანგრძლივი მოღვაწეობის შემდეგ წმიდა იოანეს უფლისაგან გამოეცხადა აღსასრულის მოახლოება. ღირსმა მამამ იხმო თავისი მოწაფეები, დაარიგა, აკურთხა და ანდერძად დაუბარა, დაესაფლავებინათ იმ მღვიმეში, სადაც მოღვაწეობდა. უფლის წმიდა სისხლისა და ხორცის მიღების შემდეგ ღირსმა იოანემ იხილა განხმული ცა და ზეციური უხორცო ძალნი წმიდანთა თანხლებით. უფალმა თავისთან უხმო ღირს მამას: „მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი, მამისა შენისა... აწ მოვედ ჩემდა, რაითა განგისუენო შრომათა შენთათვის“. წმიდა იოანემ ლოცვით მიაბარა სული უფალს.

მოძღვრის განშორებით დამწუხრებულმა მოწაფეებმა უპატიოდ მიიჩნიეს ის ადგილი, სადაც ღირსმა მამამ ითხოვა დაფლვა, და ზედაზნის ძირში მდებარე მონასტერში წაასვენეს მოძღვარი.

მოულოდნელად მიწა იძრა და არ დაწყნარებულა მანამ, სანამ არ გაიხსენეს წმიდა მამის ანდერძი და არ გულისხმაჰყვეს, რომ ეს მიწისძვრა ზეციური ნიშანი იყო. წმიდა იოანეს მოწაფენი მღვდლებისა და დიაკვნების თანხლებით მოძღვრის საფლავთან მივიდნენ, პატივით აღმოიყვანეს წმიდა ნაწილები და ანდერძისამებრ დაასაფლავეს. წმიდა ნაწილთა აღმოყვანების ჟამს მრავალი სნეული და ეშმაკეული განიკურნა.

X საუკუნეში, კათოლიკოს კლიმენტის (908-923 წწ.) დროს, მღვიმის სამხრეთით წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია აშენდა. წმიდა იოანე ზედაზნელის საფლავი არის ტაძრის სამკვეთლოსთან.

წმიდა მღვდელმოწამე აბიბოსი მეფე ფარსმან IV-ის და ევლავიოს კათოლიკოსის თხოვნით ნეკრესის ეპისკოპოსად ეკურთხა. ამ დროს აღმოსავლეთ საქართველოში სპარსელი მოგვები თავისუფლად ავრცელებდნენ თავიანთ ცრურწმენას და მძლავრობით მრავალს გარდადრეკდნენ ჭეშმარიტებისაგან. ერთხელ, ცეცხლთაყვანისმცემლების მზაკვრობის სამხილებლად წმიდა მღვდელმთავარმა აბიბოსმა წყალი დაასხა სამსხვერპლოზე დანთებულ ცეცხლს და ჩააქრო. განრისხებულმა სპარსელებმა წმიდა აბიბოსი შეიპყრეს და სასტიკად გვემეს, შემდეგ კი ქვებით ჩაქოლეს. მარზპანის ბრძანებით წმიდანის გვამი ღია ცის ქვეშ დააგდეს მხეცთა საჯიჯგნად, მაგრამ წმიდა მოწამის გვამს არ შეხებია არც მხეცი და არც ფრინველი.

ღამით, რეხში მცხოვრები მღვდლები და ბერები მივიდნენ და დიდი პატივით დაასაფლავეს წმიდა მღვდელმოწამის ცხედარი სამთავისის მონასტერში. მოგვიანებით ქართლის ერისმთავარმა სტეფანოზმა წმიდა აბიბოსის უხრწნელი ნაწილები სამთავისიდან მცხეთის სამთავროს მონასტერში გადაასვენა და წმიდა ტრაპეზის ქვეშ დაფლა.

წმიდა ანტონ მარტყოფელი (ხს. 19 იანვარს) მუდამ თან ატარებდა მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს, რომელიც ედესიდან ჩამოასვენა. განმარტოების მოყვარულმა წმიდა მამამ მადლმოსილი ლოცვითა და სასწაულებით მრავალი ქრისტიანი მიიზიდა. წმიდა ანტონმა თანამოსაგრეებისათვის ააშენა მონასტერი, ხოლო თვითონ ჯერ ალაზნის გაღმა წავიდა, შემდგომ კი აკრიანის მთას შეაფარა თავი. მარტომყოფელ ბერს, რომელიც ბალახებითა და ხის ქერქით იკვებებოდა, უფალმა საზრდოს მისაცემად ირმები გაუგზავნა. წმიდა ანტონმა მთის წვერზე ააშენა სვეტი, დაეყუდა და იქ მოღვაწეობდა 18 წელი. ღირს მამას უფლისგან ეუწყა ხორცთაგან განსვლის დღე. გარდაცვალების დროს წმიდა ანტონი მაცხოვრის ხატის წინ იყო დაჩოქილი და ლოცულობდა. ღირსი ანტონის ნეშტი მოწაფეებმა სვეტიდან ჩამოასვენეს და მის მიერ დაარსებულ მონასტერში დაკრძალეს, ღვთისმშობლის ხატის წინ.

წმიდა ისე წილკნელი (ხს. 2 დეკემბერს) მამა იოანეს რჩევით ევლავიოს კათოლიკოსმა წილკნის ეპისკოპოსად აკურთხა. ღირსმა მამამ „ფრიადი ურწმუნონი სწავლითა მოაქცივნა, მოძღვრება და ქადაგება განფინა სამწყსოსა თვისსა“. სხვა წმიდა მამათა მსგავსად, წმიდა ისეც სასწაულებს იქმოდა. ერთხელ ღირსმა იოანემ გადაწყვიტა, სათნოებაში და სულიერებაში გამოეცადა თავისი მოწაფეები. წმიდა ისე მდინარე ქსნის ნაპირას ჩავიდა, ჯვარი გადასახა მდინარეს, შემდეგ კვერთხი შეახო და თქვა: „სახელითა უფლისათა გიბრძანებ, ჩემს მიერ ქსინვით ვიდოდე და შემომიდეგ, ვიდრეცა ვიდოდე“. მდინარემ კალაპოტი შეიცვალა და ღირსი ისეს კვერთხს შეუდგა. წმიდა მამამ წილკნის საყდრამდე მოიყვანა მდინარე. ამ სასწაულმა მრავალი ხალხი მოაქცია ქრისტეს სჯულზე.

წმიდა ისემ უფლისაგან წინასწარ შეიტყო ხორცთაგან განსვლის დღე, ეზიარა წმიდა საიდუმლოს და ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. წმიდანი იქვე, წილკნის ღვთისმშობლის ტაძარში დაკრძალეს.

წმიდა იოსებ ალავერდელი (ხს. 15 სექტემბერს) განუშორებლად ატარებდა ჯვარს, რომელიც გამოთლილი იყო მაცხოვრის ცხოველმყოფელი ჯვრის ხისგან. წმიდა იოანე ზედაზნელის კურთხევით იგი კახეთის სხვადასხვა ადგილას ქადაგებდა, ბოლოს ალავერდის უდაბნო აირჩია და იქ დაიწყო მოღვაწეობა. ერთხელ, სრულიად მარტო მყოფი შეხვდა მონადირე დიდებულს, რომელსაც ღვთის სიტყვა უქადაგა. მამა იოსების მადლიანი სწავლებით გახარებულმა დიდებულმა საფუძველი დაუდო ალავერდის მონასტერს. ხალხმა გაიგო მოღვაწე ბერის ამბავი და იწყო სიარული, რათა ეხილა საკვირველი მამა და მოესმინა მისი სწავლება. ბევრი იქვე დარჩა. დროთა განმავლობაში მეუდაბნოეთა რიცხვი გაიზარდა და დიდი კრებული შეადგინა.

დიდი ხნის მოღვაწეობითა და შრომით მოუძლურებულმა აბბა იოსებმა მოწაფეებს წინამძღვარი დაუდგინა და ღვთივ მიისვენა. იგი დამარხეს მის მიერ აშენებულ ტაძარში. აბბა იოსების საფლავზე მრავალი სასწაული აღესრულება.

წმიდა ისიდორე სამთავნელი მოძღვრის კურთხევით დიდი ხანი ქადაგებდა ქართლში. შემდეგ რეხულას აღმოსავლეთით დააარსა სამთავისის მონასტერი, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობისა. მოწაფეებმა ღირსი მამა მის მიერ დაარსებულ მონასტერში დაასაფლავეს.

წმიდა თადეოზ სტეფანწმიდელი თავდაპირველად მცხეთაში მოღვაწეობდა. მან ზედაზნის ძირას ააშენა მონასტერი. წმიდანი მოძღვრის გარდაცვალების შემდეგ ქადაგებდა ქართლში, სადაც მრავალი ეკლესია ააშენა, მათ შორის, წმიდა პირველმოწამე სტეფანეს სახელობის ტაძარი ურბნისში, შემდეგ დაეყუდა წლევის მთის მღვიმეში (კასპთან). აღესრულა და იქვეა დაკრძალული.

წმიდა სტეფანე ხირსელი თანამოსაგრეებთან ერთად ქადაგებდა კახეთში. დაკრძალულია წმიდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის ტაძარში, სამკვეთლოსთან.

წმიდა ზენონ იყალთოელი ქადაგებდა კახეთის მთიანეთში, შემდეგ იყალთოში დააარსა მონასტერი. დიდი მოღვაწეობის შემდეგ ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. დაკრძალულია მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ტაძარში.

წმიდა პიროს ბრეთელმა, „ღვთაებრივმან ხატმან სინანულისამან“, მდინარე ჯვარისწყლის მარცხენა სანაპიროზე, ბრეთში დააარსა სავანე. მისი წმიდა ნაწილები ამ მონასტრის ეკლესიაშია დაკრძალული.

წმიდა მიქაელ ულუმბოელი ქადაგებდა ზემო ქართლსა და ოსეთში. ულუმბოს ახლოს დააარსა დიდი სავანე. იქვე განისვენებს მისი სასწაულმოქმედი წმიდა ნაწილები.

წმიდა ასურელი მამების მიერ დააარსებულ ლავრებსა და სავანეებში იწვრთნებოდნენ ქართველთა შვილები გონებითა და ზნეობით, ამ უდაბნოებიდან ეფინებოდა ქართველობას მადლი და კურთხევა. ეს სავანეები და მათი დამაარსებელი წმიდა მამები შეიქმნენ ქართველთა მფარველნი და მათი დამცველნი უსჯულოებისა და ბიწიერებისაგან.