მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

იერუსალიმის ცაზე პატიოსანი ჯვრის გამოცხადების სასწაული 351 წელს
#წმინდათა ცხოვრება

პირველი ქრისტიანი იმპერატორის, წმიდა კონსტანტინე დიდის გარდაცვალების შემდეგ, ხელისუფლების სათავეში მოვიდა მისი ვაჟი კონსტანციუსი (337-361 წწ.), რომელიც არიოზის ერესის მიმდევარი იყო. წმიდა მართლმადიდებლური სარწმუნოების დასამტკიცებლად იერუსალიმში სასწაულებრივი გამოცხადება მოხდა: 351 წლის 7 მაისს, სულთმოფენობის დღეს, სამ საათზე ცაზე გამოჩნდა ჯვარი, რომელიც ენითაღუწერელ ბრწყინვალებას გამოსცემდა. ამ სასწაულის მომსწრე იყო მთელი მოსახლეობა. ჯვრის გამოცხადება დაიწყო გოლგოთის თავზე, სადაც მაცხოვარი ეცვა ჯვარს და სწვდებოდა ელეონის მთამდე, რომელიც გოლგოთიდან 15 სტადიონით არის დაშორებული. ჯვარი ცისარტყელას ფერებით კიაფობდა და ხალხის მზერას იპყრობდა. სასწაულის ხილვით გაოგნებულნი, აღდგომის ტაძარში მიიჩქაროდნენ სალოცავად.

ჯვრის სასწაულებრივი გამოცხადების შესახებ იერუსალიმის პატრიარქმა კირილემ (350-387 წწ.) ეპისტოლით აცნობა კონსტანციუსს და მოუწოდა, დაბრუნებოდა მართლმადიდებლობას. ძველი ეკლესიის მემატიანე სოზომენეს გადმოცემით, წმიდა ჯვრის ცაზე გამოსახვის სასწაულით მრავალი იუდეველი და ელინი მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.