| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მოწამე ბარბარი მხედარი, ბაქოსი, კალემაქე და დიონისე
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოწამე ბარბარი მხედარი, ბაქოსი, კალემაქე და დიონისე ცხოვრობდნენ IV საუკუნეში და იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363 წწ.) არმიაში მსახურობდნენ. წმიდა ბარბარი ფარულად ქრისტიანი იყო. ფრანკებთან ომის დროს მან გაიმარჯვა მტრის გოლიათ მეომართან ორთაბრძოლაში და საყოველთაო აღიარება დაიმსახურა. ფრანკებზე გამარჯვების შემდეგ, მხედართმთავარმა ბაქოსმა გადაწყვიტა მსხვერპლი შეეწირა წარმართული ღმერთებისათვის და პირველი მსხვერპლშეწირვის პატივი დაუთმო ბარბარს, როგორც გამარჯვებულს. წმიდა ბარბარმა საჯაროდ გამოაცხადა ქრისტიანობა და უარი თქვა მსხვერპლშეწირვაზე. ამისთვის იგი იულიანე განდგომილის ბრძანებით სასტიკად აწამეს. წმიდანი ხეზე დაკიდეს და ისე დაუსერეს სხეული, რომ შიგნეული გადმოუცვივდა. წმიდა მოწამემ ღვთისაგან შემწეობა ითხოვა. მაშინ გამოჩნდა უფლის ანგელოზი და წმიდანის წყლულები განკურნა. ამ სასწაულის მხილველმა ბაქოსმა და ორმა მხედარმა - კალემაქემ და დიონისემ წარმართული ღმერთები უარყვეს და ირწმუნეს ქრისტე. აღმსარებლები მაშინვე სიკვდილით დასაჯეს. წმიდა ბარბარი ურმის თვალზე აწამეს და ცეცხლი შეუნთეს, მაგრამ უფალმა უვნებლად დაიცვა მოწამე, ალი ჯალათებს მოედო და დაწვა. ამის შემდეგ წმიდანს კიდევ შვიდი დღე აწამებდნენ, მაგრამ ღვთაებრივი ძალის შემწეობით უვნებელი რჩებოდა. ამ სასწაულების მხილველი ბევრი წარმართი მოექცა ქრისტეს სჯულზე. წმიდა ბარბარმა თავისი საოცარი მოღვაწეობა დაასრულა 362 წელს. ის მახვილით განგმირეს. წმიდანის სხეული მიწას მიაბარა პელოპონესის ეპისკოპოსმა ფილიკიმ. |