მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე ბარბარ ავაზაკ-ყოფილი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე ბარბარ ავაზაკ-ყოფილი საბერძნეთში ცხოვრობდა და მრავალი წელი ავაზაკობდა. სახიერმა უფალმა, რომელსაც არ უნდა ცოდვილის სიკვდილი, სინანულით აავსო მისი სული. ერთხელ, როცა ბარბარი გამოქვაბულში იჯდა და ნაძარცვს ათვალიერებდა, ღვთის მადლმა შესძრა მისი გული. ის დაფიქრდა გარდაუვალ სიკვდილზე და ღვთის სამსჯავროზე. ბარბარს მოაგონდა ყველა ბოროტება, მის მიერ ქმნილი და სინანულში ჩავარდა. „უფალს სათნო ეყო მის გვერდით ჯვარცმული ავაზაკის ლოცვა, მეც დამიცავს თავისი გამოუთქმელი მოწყალების გამო“, - გაიფიქრა მან, მთელი საგანძური გამოქვაბულში დატოვა, უახლოეს ეკლესიაში წავიდა, მღვდელს მოუთხრო ყველაფერი და შეევედრა, ელოცა მისთვის. მღვდელმა ბარბარს თავის სახლში მისცა ბინა. მღვდლისაგან ცოდვების შენდობის შემდეგ წმიდა ბარბარი ტყეში წავიდა და 12 წელი გაატარა ლოცვასა და მარხვაში. ბოლოს წმიდანმა ზეციდან ნიშანი მიიღო, რომ მისი ცოდვები აღხოცილ იქნა უფლისაგან. ერთხელ, იმ ადგილებში ვაჭრებმა გაიარეს. მათ შენიშნეს, რომ ხშირ ბალახებში რაღაც შეინძრა, იფიქრეს ნადირიაო და ისარი ესროლეს. ახლოს რომ მივიდნენ, შეძრწუნდნენ: მათ წინ მომაკვდავი ადამიანი იწვა. წმიდანი ვაჭრებს შეევედრა არ ედარდათ, მხოლოდ მღვდლისათვის შეეტყობინებინათ ეს ამბავი. მღვდელმა, რომელმაც მიიღო ბარბარისგან აღსარება და მისცა მას წმიდა ზიარება, ამჯერად ვერ მიუსწრო სულთმობრძავს. ის კრძალვით მიეახლა წმიდანის ღვთიური შუქით განათებულ ცხედარს და დაასაფლავა იქვე, სადაც გარდაიცვალა. შემდგომ წმიდა მოწამის კუბოდან წმიდა მირონმა დაიწყო დენა. წმიდა ბარბარის ნაწილები განისვენებენ თესალიაში, ქალაქ ლარისის მახლობლად.