მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მრავალვნებული იობი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მრავალვნებული იობი (დაახლოებით ძვ. წ. 2000-1400 წელს) ცხოვრობდა ჩრდილოეთ არაბეთში. მისი ცხოვრება აღწერილია ბიბლიაში (იობის წიგნი). არსებობს მოსაზრება, რომ იობი აბრაამის ძის, ნაქორის ვაჟი იყო. ღვთისმოსავი იობი მთელი სულით, უფლის ნებას იყო მინდობილი. ღმერთმა აკურთხა მისი კეთილმსახურება და ურიცხვი სიმდიდრე მიჰმადლა: უამრავი საქონელი ჰყავდა და ყოველგვარი სიკეთით იყო აღვსილი. მისი შვიდი ვაჟი და სამი ასული ურთიერთსიყვარულით ცხოვრობდნენ. ისინი მორიგეობით იკრიბებოდნენ ერთმანეთთან საერთო ტრაპეზზე, ყოველ მეშვიდე დღეს იობი მსხვერპლს სწირავდა უფალს შვილებისათვის: „იქნებ ვინმემ შესცოდა, იქნებ ვინმემ მკრეხელობა გაივლო გულშიო“. სამართლიანობისთვის და პატიოსნებისათვის წმიდა იობი საყოველთაო პატივით სარგებლობდა თანამოქალაქეებში.

ერთხელ, როცა უფლის ანგელოზები ტაძართან გამოცხადნენ, მათ შორის გამოჩნდა სატანაც. ღმერთმა ჰკითხა სატანას, ნახა თუ არა მან მონა უფლისა იობი, მართალი და უმანკო. სატანამ ქედმაღლურად უპასუხა, რომ უფალი იცავს მას და უმრავლებს დოვლათს, მაგრამ თუ უბედურება დაატყდება, იობი დაგმობს უფალს. ღმერთს სურდა გამოეცადა იობის მოთმინება და სატანას უთხრა: „ყველაფერს, რაც იობს გააჩნია, შენს ხელში ჩავაგდებ, ოღონდ მას ნუ შეეხები“. ამის შემდეგ იობს მოულოდნელი უბედურებების წყება დაატყდა თავს: ერთმა მაცნემ ხარების გატაცების ამბავი მოუტანა, მეორემ ცხვრის ფარისა და მომსახურე ბიჭების დაწვა აუწყა ციდან ჩამოვარდნილი ცეცხლით, მესამემ აქლემების ამოხოცვა ამცნო. მაგრამ ყველაზე თავზარდამცემი იყო, ის რაც ბოლოს შეიტყო: როცა იობის ვაჟები და ასულები უფროსი ძმის სახლში ილხენდნენ, უდაბნოდან ისეთი ძლიერი ქარი წამოვიდა, რომ ჭერი თავზე დაემხო ყმაწვილებს და ყველა ამოხოცა. მწუხარებისგან იობმა მოსასხამი შემოიხია, გლოვის ნიშნად თავი გადაიპარსა, მაგრამ უფლის დასაგმობად ერთი სიტყვაც არ დასცდენია, პირიქით მიწაზე დაეცა, შემოქმედს თაყვანი სცა და თქვა: „შიშველი გამოვედ საშოითგან დედისა ჩემისა, შიშველი მივალ დედისა ჩემისა მიწისა მიმართ. უფალმა მომცა, უფალმა წამგვარა. იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერთაგან და უკუნისამდე“.

უფლის ანგელოზები კვლავ წარსდგნენ ღვთის წინაშე. სატანამ თქვა, რომ იობი ღვთის სიყვარულს შეინარჩუნებს, სანამ თვითონ არის უვნებელი, ხოლო „თუ თვით მას შეეხება უბედურება, პირში დაგიწყებს გმობას“. უფალმა აუწყა: „უფლებას გაძლევ, გააკეთო, რაც გინდა, ოღონდ სულს ნუ შეეხები“. სატანამ საშინელი ავადმყოფობა - კეთრი შეჰყარა იობს. მეგობრებმა და ნაცნობებმა მიატოვეს ერთ დროს დიდებული და სახელგანთქმული კაცი. ცოლი კი საყვედურებით ეუბნებოდა: „სად არის შენი სარწმუნოება და კეთილი საქმე, რატომ არ გშველის ღმერთი? სჯობია ჰგმო იგი, იქნებ მაინც მოგიღოს“. მართალი იობი განსაცდელშიც ერთგული დარჩა და ერთი საყვედურიც არ დასცდენია ღვთის მიმართ.

იობის უბედურება გაიგო მისმა სამმა მეგობარმა და მოინახულეს ავადმყოფი. დავრდომილის დანახვაზე მათ ტირილი დაიწყეს. შვიდი დღე-ღამის განმავლობაში უსიტყვოდ შესცქეროდნენ მის ტანჯვას და გულწრფელად თანაუგრძნობდნენ. ბოლოს იობმა გახსნა ბაგე და თავისი გაჩენის დღე დაწყევლა. მეგობრები ფიქრობდნენ, რომ იობი ღვთისაგან ისჯებოდა ცოდვებისათვის და მონანიება ურჩიეს. მართალი კი პასუხობდა, რომ ის ცოდვებისათვის კი არ იტანჯებოდა, არამედ უფალმა გამოსაცდელად მოუვლინა ეს სატანჯველი.

ამგვარი მოთმინებისათვის უფალმა ხელახლა დააჯილდოვა იობი. იგი სრულიად განიკურნა და უწინდელზე უფრო გამდიდრდა. გარდა ამისა, მას კვლავ მიეცა შვიდი ვაჟი და სამი ასული. ამის შემდეგ იობმა კიდევ 140 წელი იცხოვრა და გარდაიცვალა 248 წლისა.