მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა დიდმოწამე ირინე
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა დიდმოწამე ირინე ცხოვრობდა I საუკუნეში. ნათლობამდე მისი სახელი იყო პენელოპე. ის იყო ასული წარმართი ლიკინიუსისა, ქალაქ მაგდონიის (მაკედონია, ანუ თრაკია) მმართველისა. ლიკინიუსმა ქალიშვილს მდიდრული სასახლე აუშენა, სადაც ცხოვრობდა თავის გამზრდელთან, კარიეასთან ერთად, თანატოლებითა და მსახურებით გარემოცული. პენელოპესთან ყოველდღიურად მიდიოდა მასწავლებელი, სახელად აპელიანე და სხვადასხვა მეცნიერებას ასწავლიდა. აპელიანე ქრისტიანი იყო. სწავლების დროს იგი გოგონას უყვებოდა ქრისტე-მაცხოვარზე. როცა პენელოპე გაიზარდა, მშობლებმა გადაწყვიტეს მისი გათხოვება. ამ დროს უფალმა მას საოცარი ხილვა გამოუცხადა: მასთან მოფრინდნენ მტრედი ზეთისხილის რტოთი, არწივი გვირგვინით და ყვავი - გველით. აპელიანემ პენელოპეს აუხსნა ამ ხილვის მნიშვნელობა: მტრედმა, რომელიც არის მორჩილების სახე, სიმდაბლისა და უბიწოებისა, მოუტანა ზეთისხილის რტო, მადლი უფლისა, რომელსაც ნათლისცემით იღებს ყველა ადამიანი, არწივმა - სულიერი სიმაღლის სიმბოლომ - მიართვა გვირგვინი, ბოროტ ძალებზე გამარჯვებისათვის უფლისგან მიძღვნილი ჯილდო; ყვავმა კი გველი მიუტანა იმის ნიშნად, რომ ეშმაკი ამხედრდებოდა მის წინააღმდეგ და მწუხარებას და დევნილობას მოუტანდა წმიდანს. საუბრის ბოლოს აპელიანემ თქვა, რომ უფალმა პენელოპე გამოარჩია და მას ზეციური სასიძოსათვის ბევრი სატანჯველის დათმენა მოუწევს. პენელოპემ უარი განაცხადა ქორწინებაზე, მოინათლა წმიდა პავლე მოციქულის მოწაფის, მოციქულ ტიმოთეს მიერ და ირინე ეწოდა. მან მშობლების გაქრისტიანებაც მოინდომა. დედას უხაროდა შვილის მოქცევა. მამა თავიდან არ ეწინააღმდეგებოდა ქალიშვილს, მაგრამ შემდეგ მოსთხოვა წარმართი ღვთაებებისთვის ეცა თაყვანი. როცა წმიდა ირინემ მტკიცედ უარყო მამის წინადადება, გამძვინვარებულმა ლიკინიუსმა ბრძანა, ქალწული შეეკრათ და გაუხედნავი ცხენების ფლოქვების ქვეშ ჩაეგდოთ. ცხენები გაირინდნენ წმიდანის წინაშე, ბოლოს კი ერთმა აიწყვიტა, ლიკინიუსს მარჯვენა მხარი მოსტეხა და ფეხებით გათელა. წმიდა ქალწული გაათავისუფლეს. მისი ლოცვით, ყველას თვალწინ ლიკინიუსს მხარი გაუმთელდა. ამ სასწაულის მხილველმა ლიკინიუსმა, მისმა მეუღლემ და 3000 ადამიანმა ირწმუნეს ქრისტე. ლიკინიუსმა ქალაქის მართვას თავი დაანება, წმიდა ირინეს სასახლეში დასახლდა და სურდა, იესო ქრისტეს მსახურებისთვის გადაედო თავი. წმიდა ირინემ ქრისტეს ქადაგება დაიწყო წარმართთა შორის. ის ცხოვრობდა თავისი მასწავლებლის, აპელიანეს სახლში. ქალაქის ახალმა მმართველმა სედეკიამ დაიბარა წმიდა ქალწული და მოსთხოვა, მსხვერპლი შეეწირა კერპებისათვის. წმიდა ირინემ მტკიცედ აღიარა ქრისტიანობა და გაემზადა მოწამეობრივი ღვაწლისათვის. სედეკიას ბრძანებით წმიდანი ჩააგდეს გველებით სავსე ორმოში, სადაც ათი დღე გაატარა. იგი უვნებლად დაიცვა უფლის ანგელოზმა, რომელიც საზრდელს აწვდიდა მას. სედეკიამ ეს სასწაული წმიდანის ჯადოქრობას მიაწერა და ბრძანა, გაეხერხათ ქალწული. რკინის ხერხები ტყდებოდა და ვნებას ვერ აყენებდნენ წმიდა მოწამეს. ბოლოს, მეოთხე ხერხმა სისხლით შეღება მოწამის სხეული. სედეკიამ დაცინვით ჰკითხა წმიდანს: „სად არის შენი ღმერთი, რატომ არ გეხმარება?“ მოულოდნელად ქარიშხალი ამოვარდა, იელვა, იქუხა და კოკისპირული წვიმა წამოვიდა, ირინეს კი წყლულები გაუმრთელდა. სედეკიამ ახალი სატანჯველი განუმზადა წმიდა მოწამეს, მაგრამ უფალმა კვლავ უვნებლად დაიცვა თავისი რჩეული. ხალხი აღშფოთდა, აღსდგა სედეკიას წინააღმდეგ და ქალაქიდან გააძევა. მისი შემცვლელი მმართველებიც აწამებდნენ წმიდა ირინეს, მაგრამ ღმერთი კვლავ იცავდა მას. მისი ქადაგებისა და სასწაულების მხილველი ხალხი კი ქრისტიანდებოდა. წმიდა ირინეს მიერ მოქცეული იქნა 10000 ადამიანი. წმიდანი თავისი ქალაქიდან კალიპოლისში გადავიდა და იქ გააგრძელა ქადაგება. ქალაქის მმართველმა ბაბადონმა შეიპყრო და აწამა ქალწული, მაგრამ, ღვთის ნებით თვითონაც ქრისტიანობაზე მოექცა. მასთან ერთად ქრისტეს სჯული მიიღო მრავალმა წარმართმა. მათ ნათელ-იღეს წმიდა ტიმოთეს ხელით. ამის შემდეგ წმიდა ირინემ ქადაგებით მოიარა თრაკიის სხვა ქალაქები. ეფესოში მას უფალმა გამოუცხადა, რომ მოახლოებულია ამ სოფლიდან მისი განსვლის ჟამი. წმიდა ირინე აპელიანესა და სხვა ქრისტიანებთან ერთად ქალაქიდან გავიდა, გამოქვაბულთან მივიდა, პირჯვარი გადაისახა, თავის თანმხლებელს სთხოვა, დიდი ქვით დაეგმანათ შესასვლელი და შიგნით შევიდა. მეოთხე დღეს ქრისტიანები გამოქვაბულში შევიდნენ, მაგრამ წმიდანის ნეშტი ვერ იხილეს. სხვა ცნობით, წმიდა ირინე თესალონიკში დაწვეს; არსებობს გადმოცემაც, თითქოს მისი წმიდა ნაწილები მოგვიანებით გადაესვენებინათ კონსტანტინოპოლში, სადაც მის სახელზე რამდენიმე დიდებული ტაძარი ააგეს.