| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
იასონ მოციქული
#წმინდათა ცხოვრება იასონ მოციქული ტარსოსში (მცირე აზია) ცხოვრობდა. ის ქალაქის მკვიდრთა შორის პირველი დაადგა ქრისტეს გზას. მოციქული სოსიპატრე აქაიიდან იყო. ორივენი წმიდა პავლემ დაიმოწაფა. დიდმა მოძღვარმა წმიდა იასონს ტარსოსის ეპისკოპოსად დაასხა ხელი, წმიდა სოსიპატრე კი იკონიის ეპისკოპოსად აკურთხა. სარწმუნოების საქადაგებლად ისინი დასავლეთში გაემგზავრნენ და 63 წელს მიაღწიეს კუნძულ კერკირას. აქ მათ ააგეს წმიდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის ტაძარი და ბევრი წარმართი მონათლეს. როცა კუნძულის მმართველმა ეს შეიტყო, დაატყვევა ისინი და საკანში ჩაყარა, სადაც შვიდი ავაზაკი იჯდა: სატორნიოს, იაკისქოლე, ფავსტიანე, იანუარიუსი, მარსალი, ევფრასი და მამი. მოციქულებმა ისინი ქრისტეს სჯულზე მოაქციეს, რის შემდეგაც ავაზაკ-ყოფილები მოწამეობრივად აღესრულნენ - უსჯულოებმა, აღმსარებლები ადუღებული ზეთით სავსე ქვაბში ჩაყარეს. მათი წამების მხილველმა დარაჯმა ირწმუნა და დაუფარავად აღიარა ქრისტე. ამისთვის მას მარცხენა ხელი მოჰკვეთეს, შემდეგ ორივე ფეხი და ბოლოს - თავი. მმართველის ბრძანებით მოციქულები კვლავ საკანში ჩაყარეს. როცა მმართველის ასულმა, ქალწულმა კერკირამ გაიგო მოწამეთა ტანჯვის შესახებ, მანაც ქრისტიანად გამოაცხადა თავი და მთელი ქონება ღარიბებს დაურიგა. გაბოროტებულმა მამამ საშინელი ტანჯვა მოიფიქრა შვილისათვის: მისი ბრძანებით წმიდა კერკირა საკანში ჩააგდეს და მასთან შეუშვეს ავაზაკი მურინე. წმიდანმა ქრისტეს სჯული აუხსნა ავაზაკს, რის შემდეგაც წმიდა მურინეც მოწამებრივად აღესრულა. ბოროტისაგან გონებადაბნელებულმა მამამ ცეცხლს მისცა მთელი ციხე, მაგრამ ქალწული მაინც ცოცხალი გადარჩა, შემდეგ მამისვე ბრძანებით ხეზე დაკიდეს წმიდა კერკირა, გაგუდეს და ისრებით დაასახიჩრეს ქალწულმოწამის ნატანჯი სხეული. მისი სიკვდილის შემდეგ მმართველმა გადაწყვიტა ამოეწყვიტა ქრისტეს აღმსარებლები. წმიდა იასონისა და სოსიპატრეს მოქცეული მოწამეები: ზენონი, ევსები, ნეონი და ვიტალი კოცონზე დაწვეს. კუნძულ კერკირაზე მცხოვრები ქრისტიანები მეზობელ კუნძულზე გაიქცნენ. მმართველი მეომრებთან ერთად გამოუდგა მათ, მაგრამ ზღვაში დაიხრჩო. მისმა შემცვლელმა მმართველმა ბრძანა, მოციქულები ადუღებულ ზეთიან ქვაბში ჩაეგდოთ, მაგრამ როცა უვნებელი წმიდანები იხილა, ცრემლებით შეჰღაღადა უფალს: „ღმერთო იასონისა და სოსიპატრესო შემიწყალე“. განთავისუფლებულმა მოციქულებმა მმართველი მონათლეს და უწოდეს სებასტიანე. მისი დახმარებით წმიდა იასონმა და სოსიპატრემ კუნძულზე რამდენიმე ეკლესია ააგეს და გაამრავლეს ქრისტეს სამწყსო. |