მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა სტეფანე
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა სტეფანე, პერმელი ეპისკოპოსი დაიბადა დაახლოებით 1340 წელს უსტიუგელი მედავითნის, სიმეონის ოჯახში. ღვთისმოსავი დედის, მარიამის შემწეობით სტეფანემ ბავშვობიდანვე გამოიჩინა არაჩვეულებრივი გულმოდგინება საეკლესიო მსახურებაში: ერთ წელიწადში შეისწავლა კითხვა და მამას ეხმარებოდა ღვთისმსახურებაში.

წმიდანი ახალგაზრდობაში აღიკვეცა როსტოვის გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის მონასტერში. სტეფანე სურდა რომ მამათა ცხოვრებებს ორიგინალში გაცნობოდა. ამიტომ, ბერძნული ენა შეისწავლა. როსტოვის ეპისკოპოსმა არსენმა (1374-1380) მას ბერ-დიაკვნად დაასხა ხელი. 1379 წელს წმიდა სტეფანე კოლომნის ეპისკოპოსს, გერასიმეს ეახლა და კურთხევა სთხოვა, წარმართთა ქვეყანაში - პერმში წასულიყო საქადაგებლად.

1383 წელს წმიდა სტეფანე აკურთხეს პერმის ეპისკოპოსად.

1390 წელს ეპისკოპოსი ეკლესიის საქმეეზე მოსკოვში გაემგზავრა. წმიდა სტეფანეს ძალიან უნდოდა სერგი რადონეჟელის ნახვა, მაგრამ დროის სიმცირის გამო ვერ ახერხებდა მონასტერში მისვლას. წმიდანმა ილოცა, მონასტრის მხარეს გაიხედა და თქვა: „მშვიდობა შენ თანა, სულიერო ძმაო!“ ღირსი სერგი, რომელიც ძმებთან ერთად ტრაპეზად იჯდა, წამოდგა, ილოცა, ქედი მოიდრიკა იმ მხარეს, სადაც წმიდა ეპისკოპოსი მიდიოდა და უპასუხა: „გიხაროდენ შენც, ქრისტეს ფარის მწყემსო და მშვიდობა უფლისა იყოს შენ თანა“.

1395 წელს წმიდა სტეფანე კვლავ გაემგზავრა მოსკოვში სამწყსოს საქმეების მოსაგვარებლად და იქვე აღესრულა.