მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი), სევასტოპოლელი ეპისკოპოსი (ერობაში დიმიტრი) 1807 წლის 6 თებერვალს დაიბადა ვოლოგდის გუბერნიის სოფელ პოკროვსკში, დიდგვაროვანთა ოჯახში. პატარა დიმიტრის სიყრმიდანვე უყვარდა სასულიერო წიგნების კითხვა და ლოცვა. 1822 წელს 16 წლის დიმიტრი მამამ სანქტ-პეტერბურგში წაიყვანა მთავარ საინჟინრო სასწავლებელში. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დიმიტრიმ დაახლოებით 2 წელი იმსახურა სპეციალობით. მთელი ამ ხნის განმავლობაში მისი ოცნება იყო ღვთისმსახურებისათვის შეეწირა თავი, მაგრამ მის გადაწყვეტილებას დიდი გამოცდა ელოდა წინ. იმპერატორმა ნიკოლოზმა, დიმიტრის განზრახვა რომ შეიტყო, თავის ძმას მიხეილს დაავალა, ერჩია მისი საყვარელი აღზრდილისათვის გადაეფიქრებინა სასწავლებლის დატოვება და ბერად აღკვეცა. დიდმა მთავარმა 19 წლის დიმიტრის მეფის გვარდიაში სამსახური შესთავაზა, მაგრამ მომავალი წმიდანი მტკიცედ იდგა თავის აზრზე. მაშინ იგი მისი სურვილის წინააღმდეგ დინაბურგის საინჟინრო რაზმში გადაიყვანეს. როცა იმპერატორის ძმამ დიმიტრი მოინახულა, დარწმუნდა მის ავადმყოფობაში და ნება დართო გადამდგარიყო. დიმიტრი მაშინვე გაემგზავრა თავის მოძღვარ მამა ლეონიდესთან, ალექსანდრე სვირელის მონასტერში. მამა ლეონიდე ამ მონასტრიდან პლოშჩანის უდაბნოში გადავიდა, სადაც დიმიტრიც გაჰყვა. ცოტა ხანში იგი ოპტის უდაბნოში წავიდა სამოღვაწეოდ, საიდანაც თავის მეგობარ ჩიხაჩოვთან ერთად ნოვოოზერსკის მონასტერში გაემგზავრა. აქ მათ დიდხანს არ დასცალდათ ყოფნა, რადგან იქაური მძიმე პირობების გამო ორივენი დასნეულდნენ და დიმიტრის ოჯახში დაბრუნება მოუწია.

როცა დიმიტრი მომჯობინდა, ვოლოგდის ეპისკოპოსის - სტეფანეს ლოცვა-კურთხევით წმიდანი სემიგოროდის უდაბნოში დასახლდა, შემდეგ კი გადავიდა გლუშიცკის წმ. დიონისეს მონასტერში.

1831 წელს ეპისკოპოსმა სტეფანემ იგი ბერად აღკვეცა ეგნატეს სახელით. იმავე წლის ივნისში მას ბერ-დიაკვნად დაასხეს ხელი, სულ მოკლე ხანში კი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს.

1833 წელს იგი იღუმენის ხარისხში აიყვანეს. მამა ეგნატეს მოღვაწეობა ცნობილი გახდა პეტერბურგში, იგი გამოიძახეს დედაქალაქში და წმიდა სერგის უდაბნოს წინამძღვრად დაადგინეს უკვე არქიმანდრიტის ხარისხში.

1838 წელს არქიმანდრიტი ეგნატე პეტერბურგის ეპარქიის ყველა მონასტრის ბლაღოჩინად დაინიშნა. გარეგნულად მოუცლელი ცხოვრების მიუხედავად, იგი შინაგანად ასკეტ მეუდაბნოედ რჩებოდა. წმიდა სერგის უდაბნოს განმარტოებულ სენაკში მამა ეგნატე მღვიძარებაში, ლოცვასა და სინანულში ატარებდა ღამეებს.

1847 წელს მძიმედ დასნებოვნებული არქიმანდრიტი სამკურნალოდ გაემგზავრა ბაბაევოს წმ. ნიკოლოზის მონასტერში.

მამა ეგნატეს ნაცნობთა წრე საკმაოდ ფართო იყო: ეპისკოპოსები, ბერები, უბრალო ერისკაცები რჩევისათვის მიმართავდნენ მას. იგი საზოგადოების ყველა ფენაში იყო ცნობილი. მიმოწერა ჰქონდა მაღალ არისტოკრატიასთან. დღეისათვის მისი 800-მდე წერილია ცნობილი.

1857 წელს პეტერბურგის მიტროპოლიტმა გრიგოლმა არქიმანდრიტ ეგნატეს ეპისკოპოსად დაასხა ხელი და წმიდა სინოდმა მას კავკასიისა და შავიზღვისპირეთის ეპარქია ჩააბარა. მოკლე ხანში ეპისკოპოსი ეგნატე სტავროპოლს გაემგზავრა, რათა ეპარქიის მართვას შესდგომოდა. აქ მან ოთხი წელი დაჰყო და ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამის გაკეთება მოასწრო თავისი სამწყსოსათვის. მძიმე ავადმყოფობის გამო 1861 წელს ეპისკოპოსმა ეგნატემ თხოვნით მიმართა წმიდა სინოდს, მიეცათ მისთვის გადადგომის უფლება ეპარქიის მართვა-გამგებლობიდან და ბაბაევოს მონასტერში წასულიყო.

განმარტოებული ცხოვრების წლები მეუფე ეგნატემ ამ მიყრუებულ სავანეში გაატარა. აღადგინა თითქმის დაქცეული მონასტერი და ააშენა ახალი ეკლესია ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელზე.

ეპისკოპოსი ეგნატე ნაყოფიერი სასულიერო მწერალიც იყო. მისი ავტორიტეტი ძალზე დიდია მართლმადიდებლურ სამყაროში.

1867 წლის 16 აპრილს სნეულებებით დაუძლურებულმა ეპისკოპოსმა უკანასკნელად წირა, ამის შემდეგ საერთოდ აღარ გამოსულა სენაკიდან, ამავე წლის 30 აპრილს ლოცვაში მიიცვალა.