| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მღვდელმოწამე ერაზმი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მღვდელმოწამე ერაზმი სიყრმიდანვე გულმოდგინედ ემსახურობდა უფალს. ის აკურთხეს ფორმიის (იტალია) ეპისკოპოსად. დიოკლიტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს, ერაზმმა გადაწყვიტა, განრიდებოდა სატანჯველს, მაგრამ ანგელოზმა შეაჩერა და უბრძანა ქალაქში დაბრუნება. როცა შემხვედრი მხედრები წმიდანის აღმსარებლობით დაინტერესდნენ, მან ქრისტიანად გამოაცხადა თავი. წმიდა ერაზმი ანტიოქიაში დიოკლიტიანეს მიჰგვარეს. წმიდანმა უშიშრად აღიარა ქრისტე და უშჯულოებაში ამხილა იმპერატორი. წმიდა ერაზმი სასტიკად აწამეს. საპყრობილეში ჩაკეტილი წმიდა აღმსარებელი, ანგელოზმა სასწაულებრივად გამოიხსნა და უბრძანა: „მომყევი, იტალიაში წაგიყვან, იქ მრავალი ადამიანი ელოდება შენს სიტყვას“. ლუკიაში წმიდა ერაზმა ხალხს ქრისტეს სარწმუნოება უქადაგა და მკვდრეთით აღადგინა ერთი დიდებულის ვაჟი. ამ სასწაულის შემდეგ 10000 კაცი მოინათლა. დასავლეთ იტალიის იმპერატორმა მაქსიმიანე ჰერკულესმა წმიდანის შეპყრობა ბრძანა. წმიდა ერაზმა კვლავ თამამად აღიარა ქრისტე. წმიდანი სცემეს და ძალით წაიყვანეს წარმართულ ტაძარში, მაგრამ როგორც კი მან ტაძარში ფეხი შედგა, კერპები ჩამოცვივდა და დაიმსხვრა, სამსხვერპლოდან კი ცეცხლი გამოვარდა და მრავალი წარმართი დაწვა. განთავისუფლებულმა ერაზმა უამრავი ხალხი მონათლა და ქალაქ სირმიაში წავიდა, სადაც კვლავ შეიპყრეს და აწამეს. წმიდანი გახურებულ ღუმელში შეაგდეს, მაგრამ ცოცხალი და უვნებელი დარჩა. ამ სასწაულმა ისე შეძრა ხალხი, რომ იმპერატორს ამბოხების შეეშინდა და სასახლეში მიიმალა. ანგელოზმა ბორკილებისაგან გაანთავისუფლა ერაზმი და დააბრუნა ფორმიაში, თავის საეპისკოპოსოში. ის აღესრულა 303 წელს. ქრისტიანებმა პატივით დაასაფლავეს წმიდა მღვდელმოწამის ნეშტი. |